LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალი ყველა ქალაქს, ბინა 1 000 პოლიციელს და 6 000 დევნილს, სუბსიდია ფერმერებს, ახალი სკოლები და ბაღები – მთავრობა მასშტაბურ პროექტებს აანონსებს

151
ირაკლი ღარიბაშვილი

150 ლარამდე გაზრდილი სოციალური დახმარება ბავშვებს, სუბსიდიები ფერმერებს, ბინა 1000 პოლიციელს, რეაბილიტირებული 800 სკოლა, 24-საათიანი წყალმომარაგება ყველა მუნიციპალიტეტს, განახლებული თეატრები და მუზეუმები და ახალი სპორტული კომპლექსები – ეს იმ მასშტაბური პროექტების ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა იწყებს.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა დაიწყოს  24-საათიანი მუშაობა, შედეგად კი დასაქმდება ათასობით ადამიანი და სიკეთე შეეხება 100 ათასობით მოქალაქეს.

სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის:

◼  1 ივნისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გაეზრდებათ და 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარს მიიღებენ;

“სიახლე 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება, ამ მიმართულებით ჯამური ბიუჯეტი 341 მილიონი ლარი იქნება, დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და ჩვენი გადაწყვეტილებაა, ეს ყოველ წელს გაგრძელდეს”, – თქვა პრემიერმა.

დაიწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა;

◼  პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა.

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 1 ჰექტარზე 300 ლარით;

ბენეფიციარებს სპეციალურ აგრობარათზე სუბსიდია ქულების სახით დაერიცხებათ, რომელსაც გამოიყენებენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. სუბსიდია შეეხება 300 000-მდე ფერმერს. ბიუჯეტი 35 მილიონი ლარია.

იწყება განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამა:

“დაფინანსების ჯამური მოცულობა 2,5, შეიძლება 3 მილიარდიც იყოს. პროგრამის განხორციელებისას დასაქმდება 20 000 ადამიანი“.

◼  გარემონტდება 800 სკოლა – იგეგმება 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; აშენდება 80 ახალი სკოლა;

◼  აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412 ბაღი;

◼  გმირი პოლიციელებისთვის აშენდება 1 000-ბინიანი პოლიციის ქალაქი – მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, ადგილი შერჩეულია – ჯიქიას ქუჩაზე.

◼  იგეგმება პოლიციის ყველა შენობის განახლება, რეაბილიტაცია, გარემონტება;

◼ ყველა სპეციალური ბაზის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზების განახლება და ერთიან სტანდარტში მოყვანა;

◼  სამუშაოები დაიწყება სასაზღვრო პოლიციაში, აშენდება ახალი სექტორები, გარემონტდება არსებული;

?  პროექტები თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით:

◼  მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. პირველი იქნება სპეციალური ოპერაციული ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა. ჩვენი სურვილია, რომ რეგიონში ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა, ე.წ მუხროვანის ბაზა.

დაწყებულია სამუშაოები, მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი, მაქსიმუმ მომდევნო ორ-სამ წელიწადში დასრულდება და გვექნება ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, სამაგალითო, თანამედროვე სამხედრო ბაზა, სპეციალური ოპერაციების ბაზა”.

◼  თბილისში, კრწანისის რაიონში აშენდება კადეტთა ლიცეუმი;

“ეს იქნება ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების, აღზრდის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი”.

◼  მთავრობა გეგმავს აქტიური მუშაობის დაწყებას სამხედრო მუზეუმის კონცეფციაზე.

?  პროგრამა დევნილებისთვის:

◼  მომდევნო 3-4 წელში 13 000-მდე დევნილი ბინებს მიიღებს;

დაახლოებით, 6 000 დევნილს გადაეცემა ბინები “სოფლად სახლის” ფარგლებში, 7 000-სთვის კი აშენდება ახალი კორპუსები და მათ თანამედროვე სტანდარტების ბინები გადაეცემათ.

ქუთაისში სრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომლებიც დევნილებს შემოდგომაზე გადაეცემათ, გაზაფხულზე კი ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში”.

24-საათიანი წყალმომარაგება ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს:

◼  დაგეგმილია, მომდევნო 3 წელში ყველა მუნიციპალიტეტში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი.

პროექტი დაფინანსდება 350 მილიონი ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

◼  მთავრობის გეგმის მიხედვით, მომდევნო სამ წელში, 200 000 ჰექტარამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები.

?  ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სპორტი და კულტურა:

◼  ქვეყნის მასშტაბით, დაიწყება ყველა თეატრის რეაბილიტაცია;

◼  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება;

◼  იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქვეყნის მასშტაბით;

◼  ცენტრალური სტადიონები რეაბილიტირდება ყველა მუნიციპალიტეტში;

◼  იგეგმება მინი-სტადიონების სრული განახლება-რეაბილიტაცია;

◼  ყველა მუნიციპალიტეტში, ეტაპობრივად დაიწყება სპორტული კომპლექსების აშენება.

პრემიერის განცხადებითვე:

◼  აშენდება ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა:

“ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც 7 წელია არ აქვს საკუთარი შენობა, ორთაჭალაში, თანამედროვე სტანდარტების შენობაში განთავსდება”.

◼ აუცილებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის რეაბილიტაცია, რომელიც წელსვე დაიწყება.

mazda magti 5g