წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა დასრულებულია.
როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სტიქიის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის პროექტებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
კვლევის პროცესში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩართულნი იყვნენ ამერიკელი ექსპერტები. მათ გეოლოგიური სამუშაოები, ქართველ სპეციელისტებთან ერთად, უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე, გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე.
პროქტი ევროპის საინვესტიციო ბანკის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ამავე პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, დამატებით, თბილისის მერიისგან გადმოცემულ ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს: ,,მზიურის“ ტერიტორიაზე მდ. ვერეს ხეობაში მონოლითური რკინაბეტონის კედლის მშენებლობას და მდინარე ვერეს კალაპოტში დამჭერი ნაგებობების (ცხაურების) მოწყობას.
ამ დროისთვის მიმდინარეობს სატენდერო დუკომენტაციის შეთანხმება დონორ ორგანიზაციასთან.