19 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით საქართველოში გაიმართება XXI საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი — ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური მუსიკალური ფორუმი, რომელმაც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.
წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს.
საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის განსაკუთრებულობას განსაზღვრავს მისი მრავალფეროვანი კონცეფცია — ფესტივალი აერთიანებს კლასიკურ მუსიკას, თანამედროვე ინტერპრეტაციებს, ქართულ ტრადიციებსა და საერთაშორისო კულტურულ დიალოგს. წლების განმავლობაში ფესტივალი იქცა სივრცედ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან აღიარებული მუსიკოსები, ახალგაზრდა შემსრულებლები და განსხვავებული მუსიკალური მიმდინარეობები.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი საერთაშორისო მასშტაბია. წლევანდელ პროგრამაში მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და ევროპული მუსიკალური სივრცის გამორჩეული შემსრულებლები. განსაკუთრებული ინტერესის საგანია საქართველოში პირველად ჩამოსული ინსტრუმენტული ტრიო „Vecando“, რომლის წევრებიც არიან ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსები – ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო), დორუხან დორუკი (ჩელო) და ჯან ჩაქმური (ფორტეპიანო).
ფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისიაა კულტურული დეცენტრალიზაცია — კონცერტები მხოლოდ დედაქალაქში არ იმართება და მუსიკალური ცხოვრება სხვადასხვა რეგიონსაც მოიცავს. ფესტივალის ღონისძიებებს წელს უმასპინძლებენ თბილისი, თელავი, ბორჯომი, ქუთაისი და ბათუმი.
პროგრამა მრავალჟანრობრივი და განსხვავებული აუდიტორიისთვის საინტერესოა. მსმენელი მოისმენს როგორც კლასიკური აკადემიური მუსიკის საღამოებს, ისე ექსპერიმენტულ პროექტებს. მათ შორისაა პროექტი „მოულოდნელობის 88 კლავიში“ – კლასიკა-ჯაზი-კლასიკა, სადაც საფორტეპიანო დუეტი დავით ალადაშვილი და გიორგი შავერზაშვილი კლასიკურ და ჯაზურ ინტერპრეტაციებს გააერთიანებენ.
ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართულ მუსიკალურ ტრადიციასაც. ქალთა ანსამბლი „სათანაო“ წარადგენს პროგრამას „სიმღერით გაცოცხლებული ისტორია“, რომელიც ქართული სიმღერის სულიერ და ისტორიულ მნიშვნელობას წარმოაჩენს.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში გაიმართება ვოკალური მუსიკის საღამოები, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია, სპეციალური სტუმარი კი იტალიელი მუსიკოსი ფრანჩესკო ბარბაჯელატა იქნება.
XXI საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ სივრცეს, სადაც ეროვნული ტრადიცია და თანამედროვე საერთაშორისო ხელოვნება ბუნებრივად ერთიანდება.
ფესტივალის გახსნა:
19 მაისი, 19:00 საათი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
დამატებითი ინფორმაცია:
www.easterfest.ge
facebook.com/easterfest.ge


