ყაზახეთიდან საქართველოში გუშინ საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა. საელჩოს ინფორმაციით, ორი რეისით, რომელიც გუშინ აქტაუდან იყო დაგეგმილი, საქართველოს 60 – მდე მოქალაქე ჩამოფრინდა, რომელთაც აღნიშნულ რეისებზე ბილეთი ჰქონდათ შეძენილი.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიარეისები უკვე ინტენსიურად სრულდება. დღეს, მომდევნო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 14:30 წუთზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.