ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, დღეიდან რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს თავად გაუძღვება.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ დემონსტრაციის დროს რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.
„მე ხალხთან ვრჩები და ახალ შემოთავაზებას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. რაც არ უნდა მოხდეს, მე ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები. მე ჩემს პოზიციაზე ვაპირებ დარჩენას და ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც 4 იანვარს განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საწვავის გაძვირების გამო, ყაზახეთის მთავრობა გადადგა.