LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველ 5 წელიწადში უფრო მეტი უნდა მივიღოთ, ჩვენ მზად ვართ – პრეზიდენტი

zurabishvilituski

როგორც მე ვიხუმრე, მაგრამ ეს არ იყო ბოლომდე ხუმრობა –  ყოველ ხუთ წელიწადში ჩვენ რაღაც უფრო მეტი უნდა მივიღოთ. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირთან თანამშრომლობის, სადამკვირვებლო მისიის და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მსურს ხაზი გავუსვა, იმას, რომ ჩემი არჩევა ევროპის მხარდაჭერის გამოხატულება იყო; ჩემი ევროპული წარსულის, რომელმაც, ასევე არცთუ მცირე როლი ითამაშა არჩევნებში ჩემს წარმატებაში. საქართველომ განსაზღვრა ევროკავშირში ინტეგრაცია, როგორც მისი განვითარების ერთერთი ცენტრალური პერსპექტივა.

წელს ჩვენ ვზეიმობთ მრავალ საიუბილეო წლისთავს. 15 წელია მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა „სამეზობლოს“, მას შემდეგ, რაც ჩვენ გვითხრეს, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო; 10 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ შევუერთდით პარტნიორობას; 5 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ასოცირების შეთანხმება; და, როგორც მე ვიხუმრე, მაგრამ ეს არ იყო ბოლომდე ხუმრობა –  ყოველ ხუთ წელიწადში ჩვენ რაღაც უფრო მეტი უნდა მივიღოთ. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ. რამდენადაც ჩვენ რეალისტები ვართ, ვიცით, რომ ამჟამად ევროკავშირი დგას სერიოზული კითხვების წინაშე და გარკვეული პასუხები, რომლებსაც ჩვენ ველოდებით, შესაძლოა, დაუყოვნებლივ, დღესვე არ იყოს მიღებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე მიმართულებით შევანელებთ თანამშრომლობასა და მუშაობას.

ჩვენ ვაპირებთ ვიზეიმოთ აღმოსავლეთის პარტნიორობა თქვენთან ერთად და, ასევე, ვგეგმავთ და ვფიქრობთ გვქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბათუმში, რადგან ეს იქნება დრო, რომ გადავხედოთ, რას მივაღწიეთ და ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, და ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ გასული წლების მიღწევების კონსოლიდირება, მაგრამ, ასევე, დავიწყოთ ფიქრი ჩვენი პარტნიორობის ახალ პოლიტიკურ შინაარსითა და, ჩვენს სხვა ასოცირებულ წევრებთან, რეგიონთან ერთად – უამრავი მიმდინარე მოვლენაა ჩვენს რეგიონში, კავკასიაში, შავ ზღვაზე და გვჭირდება, რომ შავი ზღვა კვლავ ვაქციოთ თანამშრომლობის საშუალებად,  ევროკავშირისა და ჩვენი კავკასიის რეგიონის დასაკავშირებლად, რომ ეს იყოს დამატებითი ფაქტორი სტაბილურობისთვის და არა დაუცველობისათვის.

საქართველოს ევროპული წარსული არის ნამდვილად გზა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას, გააძლიერებს დემოკრატიულ განვითარებას რეგიონში და განაგრძობს ამ ურთიერთობების გაღრმავებას. მინდა, განსაკუთრებით, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს იმ გამორჩეული როლისთვის, რომელსაც ევროკავშირი ასრულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა არ არის გადაჭარბებული, ის ნამდვილად ცენტრალურ  როლს ასრულებს, რადგან ის არის ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ამ ძალიან მგრძნობიარე საოკუპაციო ხაზზე და ის უზრუნველყოფს უსაფრთხოების შეგრძნებას ამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ განვაგრძოთ ამ ახალი ინიციატივის განვითარება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ, ასევე გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების  უფრო მეტად შეთანხმებული და ძლიერი ჩართულობა – ევროკავშირის და არა მხოლოდ, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას. ყველა მიმართულებით, ვფიქრობ, ორივე მხარეს, თქვენც და ჩვენც გვჭირდება, ვიფიქროთ ჩვენს ირგვლივ არსებულ ახალ ვითარებაზე. დაბოლოს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიქნები ხშირი სტუმარი ბრიუსელში. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თანახმა ხართ დაესწროთ კონფერენციას ბათუმში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორების მაღალი დონის წარმომადგენლობა და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები