“ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ყველა თანასწორია, ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ის ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პირი მათ მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულში არის თანაბარმოპყრობადი,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებაზე საუბრისას განაცხადა, რითაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა – უნდა შეეხოთ თუ არა ამნისტია სამართალდამცავებს, რომლებმაც მოქალაქეებს დაზიანებები მიაყენეს.
ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტის ინიცირება ოთხშაბათამდე უნდა მოხდეს, ხოლო დოკუმენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე შემუშავების პროცესშია. როგორც დეპუტატმა თქვა, კანონპროექტი ხვალ თითქმის დასრულებული იქნება, თუმცა, მმართველი გუნდის სურვილია, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციის ფორმატით შეიკრიბონ და პოზიცია ერთად შეაჯერონ.
“საბოლოოდ, ამ დღეებში უნდა დავსხდეთ ერთად და გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა, ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ შეთანხმების ეს პუნქტი და ამნისტიის აქტი დავაინიციროთ. ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ყველა თანასწორია, ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ის ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პირი მათ მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულში არის თანაბარმოპყრობადი,”- განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერი სხვა სპეკულაციაა და რუსულ ინტერესებს ემსახურება, რათა შეთანხმების აღსრულება ან არ მოხდეს ან შეფერხდეს.
“ეს არის ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც გვეუბნება, რომ 19- 20 ივნისის მოვლენები გადაფურცლეთ, აპატიეთ ვისაც საპატიებელი აქვს და აპატიეთ ყველას, ვინაიდან ეს იყო ის შემთხვევა, სადაც შემდგომი ნაბიჯი უნდა გადაიფურცლოს.
ეს არის ევროკავშირის ტექსტი, ყველა ვინც მას ინტერპრეტირებს, ის ასრულებს რუსულ ინტერესს და ხელს უშლის ამ დოკუმენტში ჩადებული პუნქტების შესრულებას,”- განაცხადა დეპუტატმა.
დასმულ კითხვაზე, გავრცელდება თუ არა ამნისტია იმ მუხლებზე, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ “ეს არის შეთანხმება, რომ ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, წავიდეთ წინ იმისთვის, რადგან ქვეყანას მშვიდობიანი განვითარება სჭირდება.”
