LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურადღებით დავაკვირდებით რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის მიმართ: “დიდი შვიდეული”

54
Untitled design (1)

“დიდი შვიდეული” ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ქმედებებს უკრაინის წინააღდეგ. G7-ის ქვეყნები მზად არიან, ერთობლივად, შესაბამისი ზომებით უპასუხონ რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებს.” – BBC ლონდონში გამართული “დიდი შვიდეულის” წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აჯამებს.

როგორც მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დისკუსია რუსეთსა და ჩინეთზე სამშაბათს გაიმართა, თუმცა ოფიციალურ განცხადებას დიპლომატები დღეს აკეთებენ. არსებული განცხადებებიდან გამომდინარე კი, G7-ის ქვეყნები მზად არიან, ერთობლივად უპასუხონ რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, შეერთებულ შტატებს რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, მაგრამ მის აგრესიას და ქმედებებს საკადრის პასუხს გასცემს. შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთის ქმედებები – როდესაც მოსკოვმა უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია მოახდინა.

“აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ ჯენ-ივ ლე დრიანმა უკრაინაში არსებული ვითარება და  რუსეთის აგრესია განიხილეს. მათ დაადასტურეს აშშ-სა და საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ და შეთანხმდნენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.” – აღნიშნულია განცხადებაში.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, დიპლომატები 3 მაისს შეიკრიბნენ.

7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა რუსეთთან და ჩინეთთან ერთობლივი წინააღმდეგობა, ბელორუსსა და უკრაინაში არსებული ვითარება და კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. ამასობაში კი დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მიმდინარე შეხვედრის ძირითადი თემაა ურთიერთობები პეკინთან, მოსკოვთან და თეირანთან, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების მოსაზრებით, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში აღიარებულ წესებს.

სამიტზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაციის კამპანიაა – “რუსეთი ცდილობს, შეარყიოს ნდობა დასავლური ვაქცინების მიმართ” – აცხადებენ დიპლომატები.

შეხვედრაზე, დიდი ბრიტანეთის დელეგაცია ასევე აპირებს, წევრ სახელმწიფოებს შესთავაზოს ერთიანი გეგმის შემუშავება დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ისაუბროს რუსული ტროლების ქსელებზე, რომლის საშუალებითაც მოსკოვი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დასავლეთზე.

 

პოპულარულები