LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყურშა გაყოყოჩდა“, „მომწონს მაგალითად, ტარიელი ქაჯეთის ციხეში შეიჭრება და გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ..“ – როგორ ეხმაურებიან ლევან ხაბეიშვილის განცხადებას

158
ხაბე გამოხმაურება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე: „შევარდება და ფიზიკურად გამოიხსნის სააკაშვილს?“, დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა: „თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, მე, ლევან ხაბეიშვილი არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში, რადგან რუსული რეჟიმის პირობებში სხვანაირად არ გამოვა“.

ხაბეიშვილის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობა“, მისი წევრები ერთადერთ მომენტში არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ, ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოემხოს და წამოეგოს, რა ვუთხრა მეტი, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი, ბექა დავითულიანი ხაბეიშვილის განცხადებას.

ვიდეო: „თუ საჭირო გახდა, [შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნი სააკაშვილს]“ – ლევან ხაბეიშვილი

დავითულიანის თქმით, ის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა ერთმანეთს დამართეს.

„ეს პარტია მივიდა იქამდე, სადაც სულ იყო. მათი ხელწერა და სტილია ერთმანეთის მიმართ კომპრომატების ამოგდება, ერთმანეთის მიმართ ბრალდებების წაყენება, შანტაჟი, არჩევნების გაყალბება. ის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია, რაც გააჩნდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რასაც საქართველოს მართებდნენ, ახლა დამართეს ერთმანეთს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ეს არაერთხელ მითქვამს, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი წევრები ერთადერთ მომენტში არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ. ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხიოს და წამოეგოს, რა ვუთხრა მეტი“, – განაცხადა დავითულიანმა.

„ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კარგად მიჰყავს“, – ასე აფასებს ხაბეიშვილის განცხადებას „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის.

„ჩვენთვის რომ ეკითხათ, ვის თავმჯდომარეობას ვუსურვებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ რომ გვეფიქრა, ვერ მოვიფიქრებდით, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამხდარიყო. „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის. ხაბეიშვილს კარგად მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი, რადგან თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის არის და სწორედ ამ სტატუსით გაიმარჯვებს. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიმინალური წარსულის თაობაზე კარგად ვიცით და ეს ადამიანი რომ აღიარებს, ისაა მერაბიშვილ-კეზერაშვილი, ადვილი მისახვედრია, რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

წულუკიანი ხაბეიშვილზე: გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშას, უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომელსაც განხორციელება არ უწერია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

ამასთან, მაჭარაშვილმა შეაფასა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.

„ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანია რევოლუცია. ის არსად შემვარდნელი არ არის, ხაბეიშვილი გვაგონებს ქართულ მულტფილმს – „ყურშა გაყოყოჩდა“, აქეთ გორას ფეხსა ვკრავო. ამაზე უკვე ხალხი იღიმება, რადგან ხაბეიშვილზე სერიოზულ კომენტარს პარტიის ლიდერებიც ვერ აკეთებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ხაბეიშვილის განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ „ლევან ხაბეიშვილს საქართველოს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ შეიძლება, ის შევარდეს პენიტენციურ დაწესებულებაში“.

იონათამიშვილის თქმით, ასეთი განცხადების გაკეთება უხერხულია. მისივე მოსაზრებით, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები მიხეილ სააკაშვილის საკითხს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილს საქართველოს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ შეიძლება, ის შევარდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან უხერხულია. ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილის თემა გამოიყენონ, რათა იქნებ თავმჯდომარეები გახდნენ. ცხადია, თავმჯდომარეობის მეორე დღესვე სააკაშვილი დაავიწყდებათ, რადგან განცხრომას მიეცემიან. მათი მიზანია პარტიის თავმჯდომარეობა, რათა რამენაირად საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ. ესეც არის მიზეზი, რომ „ნაცმოძრაობა“ შემორჩენილ მხარდამჭერებს კარგავს. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ რადიკალური დაჯგუფებაა, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. ვინ უფრო რადიკალია და ვინ უფრო ნაკლები – სინამდვილეში, ყველა ერთი და იგივეა, მათ შორის დიდი სხვაობა არ არსებობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ძალიან მომწონს ტარიელი ქაჯეთის ციხეში რომ შევარდება და გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ ეს რეალობა რომ 21-ე საუკუნეში გავაცოცხლოთ, ნაკლებად წარმომიდგენია, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, მათი გეგმები 24 თებერვლის აქციას უკავშირდება და ამის უკან არანაირი რევოლუციური სცენარი არ დგას.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ არანაირი რევოლუციური სცენარი არ გვაქვს. ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. გვინდა, ამ სოლიდარობით საქართველოს ჰქონდეს მშვიდობა და არა ლავროვისა და პუტინის გადაწყვეტილებაზე დამყარებული მშვიდობა. ხაბეიშვილის განცხადებაზე, მას უნდა ჰკითხოთ, ამაში რას გულისხმობს. ალბათ, იმას გულისხმობს, რომ იზოლაციაში მყოფ ადამიანს დამატებით კიდევ დამართეს კორონა, შეიძლება, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ეს განცხადება ემოციურად გააკეთა. სხვა ახსნა, არ ვიცი.

გამიგია და ძალიან მომწონს მაგალითად, ტარიელი ქაჯეთის ციხეში შეიჭრება და გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ ეს რეალობა რომ გავაცოცხლოთ 21-ე საუკუნეში, ნაკლებად წარმომიდგენია. ლევანს ვიცნობ, პატივს ვცემ, აქტიურია, მაგრამ რევოლუციურ სცენარსა და სააკაშვილის ქაჯეთის ციხიდან გამოხსნაზე არ გვისაუბრია”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, მსგავსი რამ რომ შესთავაზოს ხაბეიშვილმა, მისი რეაქცია როგორი იქნება, მანჯგალაძე ამბობს, რომ ამის თაობაზე პირველად ჟურნალისტები გაიგებენ.

„რომ შემომთავაზოს, ავთანდილი თუ ვიქნებოდი? – როგორც კი ლევანისგან ქაჯეთის ციხის აღებაზე შეთავაზება მექნება, პირველი თქვენ გეტყვით”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.

პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ სისტემით აირჩევენ.

 

პოპულალურები