13 ივნისს, საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი, 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტი კლინიკაში მკურნალობდა.
სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი მიმართვას ავრცელებს:
“ყველა იმ ადამიანის საყურადღებოდ ჩემს მეგობრებში, ვისაც არ გჯერათ რომ კორონა არსებობს ან გჯერათ, რომ ეს თქვენ არ დაგემართებათ, ან თუ დაგემართებათ, იოლად გადაიტანთ. გუშინ გარდაიცვალა ჩემი მეგობრის მამა, უმაგრესი და ძალიან ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც 2 თვეზე მეტი ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს. მას არ ჰქონდა არანაირი ქრონიკული დაავადება და სწორედ ამ ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი, რამაც სამწუხაროდ სიკვდილი გამოიწვია.
არავინ ვიცით, ჩვენზე რა გავლენა ექნება. ამიტომ არ გვინდა ეს კაფე-ბარებში სიარული, სახალხო პიკნიკები და სახლის წვეულებები, საპროტესტო ვაი-ვიშვიში როგორ გვატყუებენ და გამოგვკეტეს. ეს ვირუსი არსებობს და დაიჯერეთ, სანამ
თქვენ ან თქვენი ახლობლები იგივე ბედს გაიზიარებთ. მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.”

ცნობისთვის, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დაახლოებით 80 თანამშრომელი გამოიკვლიეს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
“ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულა” – დგას თუ არა საგანგებო მდგომარეობის ხელახალი შემოღების საჭიროება
