LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ის დაპირება რომელიც გაიცა საპენსიო სესხების გაიაფებაზე, იყო წინასაარჩევნო კეკლუცობა” – აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი

96
ipiccy-image

„ყველა ის დაპირება რომელიც გაიცა, როგორც სატენდერო პირობების შემუშავებასთან, ისე ზოგადად საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, წარმოადგენდა წინასაარჩევნო კეკლუცობას და ორიენტირებული იყო ელექტორატის თვალში ქულების დაწერაზე“, – ამის შესახებ აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით, არაერთი დაპირება მოვისმინეთ. მათი უმრავლესობა საპენსიო სესხის ღირებულებას უკავშირდებოდა და რიგი პოლიტიკოსებიც აქტიურად გვპირდებოდნენ, ე.წ. საპენსიო სესხის გაიაფებას. გაიაფების მთავარ ბერკეტად კი ახალი ტენდერის ჩატარებას ასახელებდნენ.

„შეიქმნა სატენდერო უწყებათაშორისი კომისიაც, სწორედ ამ კომისიას უნდა მოემზადებინა ახალი სატენდერო პირობები, თანაც ისეთი, რომელიც შეძლებდა საპენსიო სესხები გაიაფებას (როგორც ამას აქტიურად გვპირდებოდნენ წინასაარჩევნოდ). თავიდანვე ითქვა, რომ კომისიის მუშაობაში ჩართულნი იქნებოდნენ სპეციალისტები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

თუმცა, არამც თუ ასე არ მომხდარა და პროცესი სრულიად გაუმჭვირვალედ წარიმართა, ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უკვე მომზადებულია ახალი სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურებასთან.

„აფბამ“ მოითხოვა ამ სატენდერო პირობების გასაჯაროება ან ამ პირობების, დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა. იმდენად, რამდენადაც საკითხი არის მეტად სენსიტიური და მის მიმართ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესიც. სწორედ აქედან იყო განპირობებული დათქმაც, რომ სატენდერო პირობების შემუშავება იქნებოდა სრულიად გამჭვირვალე და მასში მონაწილეობას მიღებდა ყველა დაინტერესებული მხარე.

თუმცა, როგორც უკვე ვახსენე არამც თუ პროცესი არ ყოფილა გამჭვირვალე, არამედ უკვე მომზადებული დოკუმენტაციის გაცნობაზეც კი უარი განგვიცხადა სამინისტრომ (გავიდა რა საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა კანონით განსაზღვრული ვადა). ძალიან არ მინდა, თუმცა აღნიშნული მიდგომა მაფიქრებინებს, რომ ყველა ის დაპირება რომელიც გაიცა, როგორც სატენდერო პირობების შემუშავებასთან, ისე ზოგადად საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, წარმოადგენდა წინასაარჩევნო კეკლუცობას და ორიენტირებული იყო ელექტორატის თვალში ქულების დაწერაზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაასაჯაროოს სატენდერო დოკუმენტაცია, რათა მასზე მსჯელობისა და ანალიზის საფუძველი მიეცეს დაინტერესებულ მხარეებს. სწორედ გამჭვირვალობა და საჯაროობა წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს პოპულისტური და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებებისგან“, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g