LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილი გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს“ – რაზე შეთანხმდა 4 ოპოზიციური პარტია

161
Untitled design (2)

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სამი ოპოზიციური პარტიის – „დროას“, გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები შეხვდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საერთო სამოქმედო გეგმის განხილვა იყო. შეხვედრა ენმ-ის ოფისში გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, ეს შეკრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციური სპექტრი ქვეყნის წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევის გარშემო ერთიანდება.

„მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა და მოსაზრებებისა, ტაქტიკურ სვლებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე ოპოზიციაში განსხვავდებოდეს, ყველას ვალია, რომ ეს ტრაგედია არ დავუშვათ.

მოხარული ვარ, რომ ამ საკითხის გარშემო სრული ერთობა არსებობს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე ოპოზიციურ ძალებს შორის.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

„ოცნებას“ სურს, სააკაშვილის საკითხი მომხრეებში პოლიტიკური ვაჭრობის საქმედ გადააქციოს. იმ თვალსაზრისით, რომ აი, მომავალში შესაძლოა სააკაშვილის საკითხი განვიხილოთ, თუ დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ ამოქმედდება.“

დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი დასტური, რომ იქ, სადაც ქვეყნის წინაშე არის უდიდესი გამოწვევა, ჩვენ ვერთიანდებით. ასე იყო წარსულში, ასე იქნება მომავალში, ასე არის აწმყოში. ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით ჩვენ მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და საზღვარგარეთ გადაყვანილი იქნება.

მჯერა, რომ ამ ძალიან მძიმე პროცესს სახელმწიფოსთვის სასიკეთო ფინალი ექნება. დიახაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა, სააკაშვილის მოკვდინების მცდელობა, ვერ დატოვებს ვერც ერთ პატრიოტ საქართველოს მოქალაქეს გულგრილს. საკითხი უკვე დიდი ხანია გაცდა ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი პარტიის, ან რამდენიმე ერთად აღებული ოპოზიციური პარტიის პრობლემას. მთლიანად საზოგადოების პრობლემა არის, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შენ გიკვდება პატიმრობაში და ტყვეობაში. ამას წინ აღვუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ერთმანეთთან უფრო მეტი კოორდინაცია ჰქონდეთ:

 „დღეს კონკრეტული გეგმები არ განგვიხილავს. რაზედაც დღეს შევთანხმდით არის ის, რომ უფრო მეტი კოორდინაცია გვქონდეს ერთმანეთში, ვიდრე აქამდე გვქონდა. კიდევ ერთხელ შეხვედრაზე შევთანხმდით, ბევრი ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, იმაზე, თუ რა მდგომარეობაა და უახლოეს მომავალში რა მოლოდინები უნდა გვქონდეს. სურათი არის საკმაოდ მძიმე, ჩვენ გვინდა, ოჯახს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დეტალურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა.

არ მგონია, მიხეილ სააკაშვილის ბედს ირაკლი ღარიბაშვილი წყვეტდეს, ამ შემთხვევაში, სააკაშვილის ბედს წყვეტს ერთი ადამიანი – ეს ივანიშვილია. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რას ილაპარაკებს, ამას არანაირი შინაარსი არ აქვს. რაც ახლა ჩანს არის, ის რომ ეს ადამიანი ან სიკვდილისკენ მიჰყავთ, ან მიჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთ გაუარესებამდე, რომ პოლიტიკური აქტივობები ვეღარ შეძლოს“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ მხარეებმა ყველა შესაძლო სცენარზე ისაუბრეს:

„ჩვენი ყველა ქმედება დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, შესაბამისად, ყველა სცენარი გავიარეთ, როცა ხელისუფლებაში მყოფი ძალა საერთაშორისო ასპარეზზე თავს გვჭრის და მათი განცხადებები რუსული პროპაგანდის ნაწილია, აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გვაქვს. რისი და როგორ? ამას თქვენ დაინახავთ…

1 – შევთანხმდით, რომ გვექნება საერთო კოორდინაცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. 2 – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი ქმედება პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა სცენარი გავიარეთ. 3 – ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვექნება ოჯახთან და სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან“, – აღნიშნა ვაშაძემ.

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ იქნება ერთობა და ამ ერთობაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ:

„განვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვისაუბრეთ შესაძლო სცენარებზე. მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი – იქნება ერთობა და ამ ერთობაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს.

მზად ვართ, ერთობლივი მოქმედებისთვის. დღეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ხვალინდელი სასამართლო არის ტესტი,  მოიყვანენ თუ არა. ვის უმალავენ და რატომ მალავენ? თუ გგონია, რომ პრობლემა არ არის, რატომ არ აჩვენებ საზოგადოებას? ე.ი. რაღაც დასამალია ხომ? მეორე საკითხია, რამდენად სწრაფად წავა პროცესი. ბევრი დრო არ არის, ვერ გაჭიანურდება, სწრაფად უნდა დასრულდეს და გავიდეს ქვეყნიდან, ჩვენი მოქმედებები დამოკიდებული იქნება სცენარზე, თუ რას გადაწყვეტს საბოლოოდ ივანიშვილი. უკან დახევას, შეგუებას და დაქსაქსვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც ხვალ სააკაშვილის განიხილავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g