კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელის, ლაშა ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყეს.
წულუკიანმა ამის შესახებ გუშინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ სამინისტროში დავიწყეთ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის, ლაშა ბაქრაძის საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით პროცედურა, რასაც სამართლებრივ ენაზე დისციპლინური პროცედურა ჰქვია.
ჩემთვის უცნობია, ბატონ ლაშას, მისი ახალი საქმიანობიდან გამომდინარე, რამდენად ახსოვს, რომ ის მუზეუმის ხელმძღვანელია, ახსოვს თუ არა ის, რომ მე ვარ მისი ხელმძღვანელი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს.
ჩვენ პოლიტიკური დაპირისპირებისგან არასდროს არ შეგვიქმნია პროფესიული და უწყებრივი პრობლემა. მესამე წელი დასრულდა, რაც ამ სისტემას ვხელმძღვანელობ და მისი განსხვავებული პოლიტიკური აზრი არასდროს ყოფილა ჩემი განსჯის საგანი.
ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა ამ აზრის მიხედვით ცხოვრობს. ჩვენ ამას უფრო მეტად ყურადღება მივაქციეთ, როგორც მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადებას, რამდენად შეესაბამება იმ პოზიციას, რაც არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, თავად ჯერ არ გაცნობია იმ მასალებს, რომლებიც დღეს სამინისტროში შეიქმნა, თუმცა დაგეგმილი აქვთ, ხვალიდან გაეცნონ და შეაფასონ.
„ასეთ დროს არის რამდენიმე შესაძლებლობა. ერთი – ჩაითვალოს რომ პრინციპში არაუშავს, რა მოხდა, ჩაითვალოს, რომ ჩვეულებრივ ენაზე ვამბობ. სამართლებრივად, ეს სხვანაირად იქნება, რა თქმა უნდა, ნათქვამი, ჩაითვალოს რომ სხვადასხვა დისციპლინური სახდელიდან, ერთ-ერთი შეირჩეს და იქნება მსჯელობა…
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს მიმდინარე პროცესია, წინასწარ ვერ გეტყვით რა იქნება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.