დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს ნაკრებმა ყველაზე სენსაციური და დიდი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრები რომ დიდი ვერაფერი ბედენაა, ამას თქმა რად უნდა, მაგრამ იშვიათი გამონათებები ჩვენებსაც აქვთ ხოლმე. თუმცა ის, რაც საქართველომ მადრიდის გარეუბანში ჩაიდინა, ეს ცდება თუნდაც ქართველების ყველა სხვა მონდომებას და წარმატებას ერთად აღებულს. მართალია, ესპანეთთან შეხვედრა ამხანაგური იყო, მაგრამ ისტორიაში დარჩება შედეგი. საქართველომ მოუგო იმ ესპანეთს, რომელიც ამ დღეებში ევროპის ჩემპიონატზე მიდის კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ესპანეთს ყავდა საუკეთესო შემადგენლობა, ყოველ შემთხვევაში ის გუნდი, ვინც ევრო-2016-ზე ითამაშებს.
მიუხედავად პატარა საქართველოსთვის დიდი წარმატებისა, ნამდვილად თავის მოტყუება იქნება, რეალობას მოვწყდეთ და ილუზიები ავაგოთ. ეს ერთი ლოკალური წარმატება ვერაფრით გადაწონის იმ უამრავ პრობლემას, რომელიც ჩვენ გუნდშია. რად ღირს თუნდაც ვლადიმირ ვაისის ნათქვამი, სანამ მე აქ ვარ, რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებს ვერ გაეკარებაო. პრობლემები მარტო არაპროსიონალიზმშიც არ არის, საქმე საშემსრულებლო ოსტატობასაც ეხება. ძნელია ჩვენი ფეხბურთელებზე აუგი თქვა, როდესაც გასვლაზე ევროპის ჯერაც მოქმედ ჩემპიონს უგებენ, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ჯერ კიდევ ნათლად ჩანს, რომ ქართველ ფეხბურთელებს უჭირთ ფეხი აუწყონ თანამედროვე მოთხოვნებს. მაშ რატომ მოვუგეთ ესპანეთს. ერთი და ნაღდი მიზეზის თქმა ვერ გამოვა, თუმცა მიზეზი ალბათ ესპანეთშიც იმალება. მართალია, პირენეელებმა მოინდომეს და წაგება ევროს წინ აბა ვის უნდა, თუმცა მასპინძლებს მაინც არ ეტყობოდათ შესაბამისი განწყობა. ბოლო საკონტროლო შეხვედრაში ტრამვის მიღების შიში იქნება თუ სხვა რამ, ფეხბურთელს მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იყო გამართლების მომენტიც. იყო ჩვენი მონდომების მომენტიც და როგორც იქნა დადგა ის მომენტი, როდესაც ევროპული მასშტაბის სენსაცია ჩვენც გვეღირსა.
მთავარია, ოფიციალური მატჩებისთვის საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადაზარდოს წარმატება და კვლავაც ღირსეული წაგებებისა და ცალკეული გამონათებების გუნდად არ დავრჩეთ.
ესპანეთი-საქართველო 0:1
მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
გოლი: ოქრიაშვილი (40)
ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეტსი (76, პედრო), ლუკას ვასკესი (61, დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46, ინიესტა), ტიაგო (46, კოკე), სერხიო რამოსი (46, სან ხოსე), ხუანფრანი (46, ბელერინი), ალბა, ადურისი, ნოლიტო
საქართველო: რევიშვილი (55, კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (78, ცისკარიძე), ყაზაიშვილი (72, ქვილითაია), დვალიშვილი (72, ჭანტურია), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (84, კობახიძე)
გაფრთხილება: 61 კვირკველია, 81 სან ხოსე
https://www.youtube.com/watch?v=rrXjbjRQtRc