„ყველაზე კარგი იქნება, მელია დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, ოპოზიციასაც ხელ-ფეხი უფრო გახსნილი გვექნება,“ – ამის შესახებ განცხადება „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, თუ ნიკა მელიას ევროკავშირის გირაოს დათანხმდება, „ოპოზიციას მეტი არეალი ექნება და ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებით დროში შეზღუდულები არ იქნებიან“.
სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ მათი სურვილი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა, არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ხულიგნობაა, რომელსაც ამ კანონპროექტთან მიმართებით სჩადის.
„ეს ჩანაწერი არის ყოვლად გაუგონარი ჩანაწერი, რომელიც არანაირ პრაქტიკაზე დაფუძნებული არ არის. არც საქართველოს პრაქტიკაში და არც საზღვარგარეთ ანალოგი არ არსებობს, რომ ამნისტიის კანონში მსგავსი ჩანაწერი იყოს. დიდი ალბათობით, შემდეგი განხილვების დროს ეს ნაწილი ამოღებული იქნება, რადგან არანაირი იურიდიული საფუძველი არარსებობს და არანაირ გამოცდილებას არ ეფუძნება. ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ხულიგნობა, რომელსაც სჩადის ამ კანონპროექტთან მიმართებით.
ფაქტია არის ერთი, რაც არ უნდა ჩაიწეროს ამ კანონპროექტში, იქნება სამ კვირაში, ოთხში თუ ხუთ კვირაში, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელია იქნება გათავისუფლებული ამნისტიის კანონით, თუ არ იქნება მიღებული უფრო ადრე გირაოს თანხმობა. ერთი პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, მეორე – ნიკა მელიაც გათავისუფლდება, უნდა ეს თუ არ უნდა „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ აქ ლაპარაკია ვადებზე. ჩვენი ხედვაა, რომ ყველაზე კარგი იქნება, მელია დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს და სწრაფად მოხდება მისი გამოშვება, ჩვენც, ოპოზიციასაც ხელ-ფეხი გვექნება უფრო გახსნილი. იგივე ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებით არ ვიქნებით დროში შეზღუდულები. ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, მეტი არეალი გვექნება, თუ არადა ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში შევეცდებით, რომ ამნისტიის კანონპროექტი საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით იქნას მიღებული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.