LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის სიცხე და სურსათის უვნებლობა – რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა

581
სერთიფუდი

ზაფხულის სიცხე მხოლოდ დისკომფორტს არ ქმნის – მაღალი ტემპერატურა საკვების გაფუჭებისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ბაქტერიების გამრავლებისთვისაც ხელსაყრელ გარემოს აჩენს. სწორედ ამიტომ წლის ამ პერიოდში სურსათის უვნებლობის საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სპეციალისტები მომხმარებლებს მოუწოდებენ, მეტი ყურადღება მიაქციონ როგორც პროდუქტის შერჩევას, ისე მის ტრანსპორტირებასა და შენახვას, რადგან ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომამაც კი, შესაძლოა, საკვებით მოწამვლა გამოიწვიოს.

ანდრია კალანდია, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, პლატფორმის „სერთიფუდი“ დამფუძნებელი:

– მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, ზაფხულში, 35-40 გრადუს სიცხეში, ღია ცის ქვეშ, მეტროებთან, ტროტუარებსა და გზისპირებზე მაინც მასობრივად იყიდება მალფუჭებადი პროდუქტები: ყველი, ხაჭო, მაწონი, კვერცხი, ზოგჯერ თევზი და ხორციც კი. ასეთ პირობებში პროდუქტის შეძენით ჩვენ საკუთარ ჯანმრთელობას გააზრებულად ვაგდებთ საფრთხეში.

ტერმინი „მალფუჭებადი“ სწორედ იმას ნიშნავს, რომ პროდუქტს სჭირდება უწყვეტი ცივი ჯაჭვი – ის მუდმივად, წარმოებიდან სუფრამდე, უნდა ინახებოდეს მაქსიმუმ +6°C-მდე ტემპერატურაზე. როცა კუსტარულად დამზადებული ყველი, ხაჭო ან რძე საათობით დევს ქუჩაში, მტვერში, ბუზებდახვეული და 40 გრადუს სიცხეში, მასში მიკროორგანიზმების გამრავლება ხდება არა საათობრივად, არამედ წუთობრივად. ამ ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს სალმონელოზი, ენტერობაქტერიოზი და სხვა. ავიღოთ, მაგალითად, ოქროსფერი სტაფილოკოკი. სიცხეში, ქუჩის პირობებში, ის პროდუქტში მომენტალურად მრავლდება და გამოყოფს ენტეროტოქსინს. თავად ბაქტერია ადუღებისას შეიძლება მოკვდეს, მაგრამ მისი ტოქსინი არის თერმომდგრადი – ის უძლებს 100°C-ზე დუღილსაც კი. საბოლოოდ, მას მივყავართ კვებითი ტოქსიკოზამდე, რომელიც ორგანიზმს მომენტალურად ანგრევს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროდუქტები ღია ცის ქვეშ იწოვს ქუჩის მტვერს, მძიმე ლითონებსა და მანქანების გამონაბოლქვს. ტყვია და კადმიუმი პირდაპირ ჯდება ყველისა და ხორცის ცხიმოვან სტრუქტურაში. მომხმარებელს ჰგონია, რომ შვილს ნატურალურ პროდუქტს აჭმევს, რეალურად კი მძიმე ლითონებით და მიკრობებით წამლავს.

ჩვენი კატეგორიული მოწოდებაა: არასოდეს, არცერთ შემთხვევაში არ შეიძინოთ მალფუჭებადი პროდუქტი ქუჩაში, ასევე, დაიცავით ტრანსპორტირების პირობები და რაც შეიძლება დროულად მიიტანეთ მაცივრამდე! შეიძინეთ ხორცი, ყველი, კვერცხი და რძის ნაწარმი მხოლოდ და მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში, სადაც პროდუქტი დევს სამაცივრე დახლში, სადაც მუდმივად კონტროლდება ტემპერატურა, სადაც არსებობს ვეტერინარული ზედამხედველობის ფორმა №2 (ხორცის შემთხვევაში) და მწარმოებლის მიკვლევადობა.

თორნიკე ცხვედაძე, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, პლატფორმის „სერთიფუდი“ დამფუძნებელი:

– ზაფხულის პერიოდში ძალიან ხშირია ღია ფესტივალები, უამრავი საკვები დახლით, ასევე ქუჩაშია მოწყობილი კვების ობიექტები. ამ დროს უნდა ვიცოდეთ რამდენიმე რამ. უპირველესად, ნებისმიერი დახლი უნდა იყოს გადახურული, საკვები პროდუქტები დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან. ასევე, თუ ასეთ საკვებ დახლებზე ხვდება ხორცპროდუქტები და რძის პროდუქტები, იქვე განთავსებული უნდა იყოს ერთი მაცივარი მაინც, სადაც დასაწყობდება ნედლეული. სამაცივრე პირობების გარეშე, მაღალ ტემპერატურაზე, მიკროორგანიზმები სწრაფად ვითარდებიან და სურსათი საზიანო ხდება ადამიანისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჯვარედინი დაბინძურების კონტროლია. როდესაც ასეთ დახლებთან აღმოვჩნდებით, უნდა დავაკვირდეთ, იცავს თუ არა მზარეული მინიმალურ ჰიგიენურ მოთხოვნებს, არის თუ არა ხელების დაბანის ან გაწმენდის საშუალება, ასევე, ხომ არ იყენებს საერთო დაფას, დანას ან სხვა ინვენტარს ნედლეულის დასამუშავებლად, მზა სურსათისთვის არის თუ არა მაცივარი დახლში, ხომ არ აყოვნებენ მალფუჭებად ნახევარ ფაბრიკატებს გარემო ტემპერატურაზე.

– ანდრია, ის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი ზაფხულში აქტიურად ეტანება, არის ნაყინი. რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენის დროს?

– უპირველესად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რასთან ასოცირდება მომხმარებლისთვის დასახელება ნაყინი – რძის პროდუქტთან ხომ? შესაბამისად, ის რძისგან უნდა იყოს დამზადებული და არა მცენარეული ცხიმებისგან. ჩვენს ბაზარზე არსებული პროდუქციის უდიდესი კი ნაწილი, ნაცვლად ნამდვილი რძის ნაღებისა, მცენარეულ ცხიმებს, კერძოდ კი, იაფფასიან პალმის ცხიმს შეიცავს. ამასთან, საქართველოში ყველა გაყინული გამაგრილებელი მასა ნაყინის სახელით იყიდება, ინგლისურადაც Ice Cream აწერია. აშშ-ის მაგალითი რომ ავიღოთ, სურსათისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ადმინისტრაცია (FDA) ამ საკითხს უმკაცრესად აკონტროლებს. ამ უწყების რეგულაციით, თუ პროდუქტს აწერია Ice Cream, მასში რძის ცხიმი უნდა იყოს მინიმუმ 10% და არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს. თუ ამერიკელი მწარმოებელი თუნდაც 1%-ით ჩაანაცვლებს რძეს პალმის ცხიმით, მას კანონი ავალდებულებს, შეფუთვის წინა მხარეს, მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას, დიდი ასოებით დააწეროს: frozen desert ან imitation ice cream.

ჩვენი კანონმდებლობა ამბობს, რომ სურსათის დასახელებას შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი, თუმცა მიუხედავად ამისა, პროდუქტები, რომლებსაც შეფუთვაზე ძროხა, საძოვრები ახატია, რომლის შემადგენლობაში შედის წყალი, შემასქელებლები, გემოს გამაძლიერებლები და მცენარეული ცხიმებია, მაინც ნაყინის სახელით იყიდება და ამაზე რეაქცია არავის არ აქვს. ასე რომ, ნუ შეხედავთ ნაყინის შეფუთვის მხოლოდ წინა მხარეს, მოაბრუნეთ პროდუქტი და წაიკითხეთ უკანა მხარეს, წვრილი ასოებით დაწერილი შემადგენლობა და გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი. ასევე დააკვირდით რამდენად დაცულია შენახვის პირობები, ხომ არ ეტყობა კრისტალები, გალღობის კვალი.

– თორნიკე, რას გვეტყვი პესტიციდებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, რომლებსაც ხილთან და ბოსტნეულთან მიმართებით იყენებენ?

– პესტიციდები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც იყენებენ მცენარეული კულტურების დასაცავად: მწერებისგან, სარეველებისგან, სოკოვანი დაავადებებისგან და ა.შ. მსოფლიოში დღეს 1000-ზე მეტი სახის პესტიციდი გამოიყენება და ყველას განსხვავებული ქიმიური თვისებები და ტოქსიკოლოგიური პროფილი აქვს. ჩვენს ბაზარზე ხილი და ბოსტნეული ძირითადად იმპორტირებულია თურქეთიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან. ეს ქვეყნები ხშირად იყენებენ ისეთ პესტიციდებს, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში აკრძალულია. მაგალითად, ნივთიერება DDT, რომელიც ნიადაგში ათწლეულების მანძილზე რჩება, ევროკავშირში სრულადაა აკრძალული, ზოგიერთ ექსპორტიორ ქვეყანაში კი – არა. შესაბამისად, იზრდება რისკი რომ საქართველოში მოხვდეს პესტიციდებით დაბინძურებული საკვები. ამის პრევენციისთვის უნდა გაძლიერდეს სასაზღვრო კონტროლი, გაუმჯობესდეს ლაბორატორიების მუშაობის პრაქტიკები, რაც გაამარტივებს აღნიშნული ნივთიერებების დეტექციას.

პესტიციდები პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებებია, რომლებმაც ადამიანში დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები და ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. პესტიციდების ნეგატიური ეფექტები მარტივად მჟღავნდება ბავშვებშიც, შესაბამისად, ბავშვთა კვებაში აუცილებელია შეირჩეს პესტიციდებისგან თავისუფალი ხილი და ბოსტნეული. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არსებობს უსაფრთხო პესტიციდებიც, რომლებსაც სჭირდება სპეციალური დოზირებით გამოყენება.

– ანდრია, აქვე შევეხოთ ე.წ. ჯიბის ნიტრატ ტესტერს, რამდენად სანდოა ეს მოწყობილობა?

– განსაკუთრებით ზაფხულშია ხოლმე ნამდვილი ბუმი სოციალურ ქსელებში ამ აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. მწარმოებელი გვპირდება, რომ 3 წამში გვეტყვის, არის თუ არა, მაგალითად, საზამთრო სახიფათო და საიტებზე საერთაშორისო სერტიფიკატებსაც გვიჩვენებს. სინამდვილეში ეს აპარატები მხოლოდ მწარმოებლის გამდიდრებას უწყობს ხელს, მომხმარებელს კი ილუზიაში აგდებს.

„სერთიფუდის“ გუნდმა კარგად შევისწავლეთ ყველა ის დოკუმენტი, რაც ამ ტესტერების მწარმოებლების საიტზეა ატვირთული და აღმოვაჩინეთ, რომ მათ ნიტრატების გაზომვის სიზუსტესთან არანაირი კავშირი არ აქვთ! სინამდვილეში განთავსებულია ელექტროგამტარობის საბუთი, ქარხნის სერტიფიკატი, რომ აპარატი დენს არ დაგარტყამთ, რომ აპარატი ნაგავში არ უნდა გადააგდოთ და ელექტრონულ ჯართში უნდა ჩააბაროთ და სხვა.

– რეალურად რას ზომავს ეს აპარატი?

– ბევრ მომხმარებელს ჰგონია, რომ ზონდის ნაყოფში ჩარჭობის შემდეგ მოწყობილობა პირდაპირ ნიტრატების რაოდენობას ადგენს. სინამდვილეში ასეთი ტიპის მოწყობილობები, როგორც წესი, ზომავენ პროდუქტის ელექტრულ თვისებებს, რომელზეც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნიტრატები, არამედ სხვა ბუნებრივი მინერალებიც – კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და მრავალი სხვა იონი. სწორედ ამიტომ მაღალი მაჩვენებელი ყოველთვის არ ნიშნავს ნიტრატების მაღალ შემცველობას. მაგალითად, ბუნებრივად მინერალებით მდიდარმა და სრულად უსაფრთხო პროდუქტმაც შეიძლება აჩვენოს მომატებული შედეგი. ამავდროულად, გაზომვაზე გავლენას ახდენს პროდუქტის სიმწიფე, წყლის შემცველობა, ტემპერატურა და ის ადგილიც კი, სადაც ზონდი ჩაარჭვეთ. მაგალითად, თუ საზამთრო კალიუმითაა მდიდარი, აპარატი წითელს აანთებს და გადაგაგდებინებთ სრულიად ჯანსაღ პროდუქტს.

ნიტრატების სანდო და ზუსტი განსაზღვრა ლაბორატორიაში ხდება და ეს გაცილებით რთული პროცესია. ის მოიცავს ნიმუშის ჰომოგენიზაციას, ქიმიურ დამუშავებას, ექსტრაქციას და სპეციალიზებული ანალიტიკური მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა სპექტროფოტომეტრია, იონური ქრომატოგრაფია ან სხვა ვალიდირებული ლაბორატორიული მეთოდები. ასე რომ, ვინც ეს აპარატი შეიძინა, მარკეტინგის მსხვერპლია. სამწუხაროა ისიც, რომ ამ აპარატების „გასაღებას“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტებიც უწყობდნენ ხელს წყაროების გადამოწმების გარეშე.

– და ბოლოს, თორნიკე, ხილის წვენებსაც შევეხოთ, რომელთა დიდ ნაწილს ამშვენებს წარწერა „ნატურალური“. როგორ მივხვდეთ, რომ მართლაც ჯანსაღ პროდუქტთან გვაქვს საქმე?

– წვენები და მსგავსი სასმელების შესახებ ბოლო პერიოდში ჩვენც უფრო აქტიურად დავიწყეთ საუბარი, რადგან აღმოვაჩინეთ უსამართლო რეალობა ქართულ სუპერმარკეტებში – უცხოური წარმოშობის თითქმის ყველა ხილის სასმელი არასწორადაა ეტიკეტირებული, შესაბამისად, მომხმარებელს უჭირს განასხვაოს რა არის ხილის წვენი, კონცენტრატის აღდგენით მიღებული ხილის წვენი, ნექტარი და ა.შ.

საქართველოში, თუ სასმელი მუყაოს შეფუთვაშია დაფასოებული და შეფუთვაზე ხილი ახატია, ხილის წვენს უწოდებენ. და არა მარტო უწოდებენ, ფასმაჩვენებლებზეც ასე გამოსახავენ. რეალურად, თუ ასეთი სასმელების ინგრედიენტებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ნამდვილი ხილის წვენი, შესაძლოა, მხოლოდ 5-10% იყოს. ჩვენთან უმეტესად იყიდება ხილის ნექტარი და კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენი.

– განვმარტოთ, რა სხვაობაა ამ პროდუქტებს შორის.

– ხილის წვენი არის ერთი ან სხვადასხვა სახეობის ახალი ხილის, საკვებად ვარგისი ნაწილებისგან მიღებული არაფერმენტირებული წვენი, დამახასიათებელი გემოთი, ფერით და არომატით. მას არც დანამატები და არც წყალი არ აქვს შერეული. ეს არის ასეთი სასმელების იერარქიაში ყველაზე მაღლა მდგომი პროდუქტი. კონცენტრატისგან დამზადებული წვენი გახლავთ პირველადი დაწურვის შედეგად მიღებული ხილის კონცენტრატის და წყლის ნარევი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს დანამატები. ხილის ნექტარი კი წარმოადგენს ხილის კონცენტრატის წყლით აღდგენის და დანამატის (მაგალითად, შაქარი, ლიმონმჟავა და ა.შ) შემცველ პროდუქტს. ხილის ნექტარს ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა ჰქონდეს, რამდენი პროცენტია სასმელში კონცენტრატის შემცველობა. რაც შეეხება წარწერას „100%“, ის არ შეიძლება განთავსდეს ხილის ნექტარსა და კონცენტრატისგან დამზადებულ ხილის წვენზე, ამ წარწერით მომხმარებელი შეცდომაში შედის.

magti 5g