“ფორტუნას” სტუმარია ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე.
ზაზა, პირველ რიგში დიდი მადლობა. ვიდრე სუფთა სპორტულ შეკითხვებზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა გკითხო, როგორ გაატარე კარანტინი? შენი ყოველდღიურობაც, ისევე როგორც ყველა ჩვენგანის, საგრძნობლად შეიცვლებოდა.
მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ჩვენს საქმიანობას თვალს ადევნებთ და აშუქებთ. რასაკვირველია, ჩემთვისაც ბევრი რამ შეცვალა კარანტინმა. ვრჩებოდი შინ, ეზოში ვაკეთებდი საქმეს, თუმცა ცხადია ვვარჯიშობდი კიდეც საშინაო პირობებში. სახლში სავარჯიშო დარბაზი მოვიწყვე და მეტ-ნაკლებად ფორმის შენარჩუნებას ვცდილობდი, თუმცა პროფესიონალი სპორტსმენისთვის ძალიან ძნელია მხოლოდ ასეთ პირობებში ვარჯიში. მიუხედავად ამისა, ხალისიანად ვვარჯიშობდი და შემართებით გავატარე ეს პერიოდი.
დღეისათვის როგორი ვითარებაა ამ კუთხით? დაიწყეთ თუ არა ვარჯიში მწვრთნელების მეთვალყურეობით, ვარჯიშობთ წყალზე?
ამჟამად უკეთესი ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შეკრების უფლება არ გვაქვს, ყველა წესის დაცვით უკვე წყალზეც ვვარჯიშობთ. შეგვიძლია სირბილიც და ზოგადად უფრო იოლია ჩვენთვის, ვიდრე ბოლო ორი-სამი თვე იყო. მაგრამ შეკრება უმნიშვნელოვანესია იმისათვის,რომ დიდ ტურნირებზე შედეგი ვაჩვენოთ და ძალიან სასიხარულოა, რომ ბევრი შეზღუდვა უკვე მოიხსნა.
მინდა სალიცენზიო ტურნირებზე გკითხოთ. რა სალიცენზიო ტურნირი ან ტურნირებია დარჩენილი ტოკიოს ოლიმპიადამდე და შენს გარდა რეალურად რომელიმე ქართველ ნიჩბოსანს თუ აქვს შანსი, რომ ოლიმპიადაზე მოხვდეს?
გასულ წელს ჩატარდა ერთი სალიცენზიო ტურნირი, თუმცა მე მასში მონაწილეობა არ მიმიღია გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი დისტანცია, 200 მეტრი ოლიმპიური პროგრამიდან იყო ამოღებული. დარჩენილი იყო მხოლოდ 1000-მეტრიანი დისტანცია და იმ დროის მონაცემებით, რასაც მაშინ ვაფიქსირებდი, აზრი არ ჰქონდა ტურნირში მონაწილეობას. ამიტომ ტურნირი გამოვტოვე და მზადება დავიწყე, ეს ძალიან ძნელია, ჩემი ბევრი უცხოელი კოლეგა, რომელიც 200-მეტრიან დისტანციაზე გამოდიოდა, არც კი ცდილობს 1000-მეტრიანზე გადასვლას, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყობა ძალიან რთულია, თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დავამტკიცო – შეუძლებელი არაფერია.
სხვა სპორტსმენებს შანსი რასაკვირველია აქვთ, მე ვიტყოდი, რომ ჩემზე მეტიც იმიტომ, რომ მათი დისტანციები ოლიმპიურია და ისინი ისევე ემზადებიან, როგორც ადრე. ჩემი აზრით, ორი ლიცენზიის შანსი კიდევ გვექნება.
რაც შეეხება სალიცენზიო ტურნირებს, ზუსტად ვერ გეტყვით. წესით, წელს ორი ტურნირი უნდა გამართულიყო. შესაძლოა ორივე გაიმართოს ან მხოლოდ ერთი მათგანი.
