ცოტა ხნის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა არჩევნებზე საკუთარი აზრი დააფიქსირეს.
ზაზა სარალიძე საარჩევნო უბანზე დედასთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხმა დუისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა.
სარალიძემ განაცხადა, რომ ის აქამდე ბიულეტენს ყოველთვის აუქმებდა, თუმცა დღეს ის იმ ადამიანს მხარს ვერ დაუჭერდა, რომელმაც მას და მის შვილს უღალატა.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევანს ვაკეთებ. ამ შემთხვევაში, ადამიანს, რომელმაც მე და ჩემს შვილს გვიღალატა, მხარს ვერ დავუჭერდი. არ მივცემდი საკუთარ თავს უფლებას, რომ იმ ადამიანის თხოვნა გამეთვალისწინებინა, რომელმაც ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და ის კომისია დატოვა, სადაც შეიძლება მისი სიტყვა გადამწყვეტი ყოფილიყო“, – განაცხადა სარალიძემ.
რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილს, მან სასურველი კანდიდატი დაუფარავად, კაბინაში შესვლის გარეშე შემოხაზა და საარჩევნო ყუთში ჩააგდო.
მანვე აღნიშნა, რომ მას ხმა მოღალატე ზურაბიშვილისთვის და კრიმინალური ბანდისთვის არ მიუცია.
„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე მაინც მომიწევს ბრძოლა, მე ისიც ვიცი, იმ მთავრობაშიც მომიწევს ბრძოლა. მთელი სახელმწიფო მებრძვის იმისთვის, რომ არ გაშუქდეს, არ გაჟღერდეს ამათ მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს მათ უნდათ თუ არა, მე მიზანს მაინც მივაღწევ. ჩემს წინააღმდეგ ვინც წამოვიდა მათ საკადრის პასუხს ყოველთვის გავცემ. ჩემი ხმა კი ქვეყნის ნამდვილ მომავალს, გაერთიანებულ ოპოზიციას მივეცი“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ უწყვეტ რეჟიმში მართავს. ისინი შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ. საარჩევნო უბანზეც სწორედ აქციიდან მივიდნენ.
