LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეიმების ფორმატი იცვლება – ბაგა-ბაღების სააგენტო  ახალ მოდელზე მუშაობს

საბავშვო ბაღებში ე.წ. ზეიმების ფორმატი იცვლება. სექტემბერში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რეკომენდაციას გაავრცელებს და მომავალი წლიდან ბაღებში ზეიმები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ბაღების სააგენტოში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო ბურძენიძის, თქმით, ახალი ფორმატი ბავშვების სურვილებსა და ინტერესებზე იქნება მორგებული.

„ეს რეკომენდაცია არ იქნება ამკრძალავი ხასიათის, მაგრამ ორიენტირი აუცილებლად ბავშვზე გაკეთდება. ბავშვი ყველანაირ ღონისძიებაში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული და ახალი ფორმატი თითოეული პატარას განვითარებას უნდა ემსახურებოდეს,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ ბურძენიძე.

იკრძალება თუ არა ზეიმზე მშობლების დასწრება

ბოლო პერიოდში საბავშვო ბაღების ნაწილის აღმზრდელები მშობლებს ზეიმებზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ზეიმზე მშობლების დასწრებას არ კრძალავს, თუმცა ბაღების ადმინისტრაციებს საკუთარი მიზეზი აქვთ, რის გამოც ზეიმზე მშობელს არ ასწრებენ. მიზეზი მარტივია – როდესაც ბავშვი მშობელს ხედავს, ისტრესება და ზეიმზე გამოსვლა უჭირს. მიზეზი მშობლებისთვის გასაგებია. თუმცა, მშობლების უმეტესობას სურს, სცენაზე პირველად მდგომი შვილი ნახოს, მიუხედავად იმისა, ჭირვეულობს თუ არა ბავშვი.

3 წლის ნინი ერთი წელია, რაც საბავშვო ბაღში დადის. ზეიმი უკვე ორჯერ ჰქონდა, თუმცა ბაღის ადმინისტრაციამ მშობელს ზეიმზე დასწრების საშუალება არც ერთხელ არ მისცა.

„არ ვიცი, ჩემს შვილს დარბაზში ჩემს დანახვაზე რა რეაქცია ექნებოდა, თუმცა მგონია, რომ მშობელზე მეტად შვილის ზეიმი არცერთ მასწავლებელს არ უხარია. „ბავშვები იბნევიან, ვეღარ აკეთებენ ვერაფერს“- ჩემთვის ეს მიზეზები გასაგებია, მაგრამ მაინც ძალიან გული მწყდება, რომ მის არცერთ ზეიმს არ დავსწრებივარ,“ – ამბობს „ფორტუნასთან მშობელი.

ნინის დედისგან განსხვავებით, ზეიმზე მშობლის დასწრების წინააღმდეგია 4 წლის სოფიას დედა. დედამ ზუსტად იცის, რომ მის დანახვაზე ბავშვი სცენიდან დედაზე გადაიტანს ყურადღებას და შეიძლება, არაფერი აღარ გააკეთოს.

„რა თქმა უნდა, ყველა დედას სურს, შვილის ზეიმს დაესწროს, თუმცა მე არც ერთხელ არ დავსწრებივარ და ამას არ ვაპროტესტებ. სოფია ძალიან პატარაა, ზუსტად ვიცი, მე რომ იქ დამინახოს, მთელ ყურადღებას ჩემზე გადმოიტანს,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ სოფიას დედა.

ზეიმები უკვე მოძველებულია  – ახალი მიდგომები საბავშვო ბაღებში

თბილისის მე-6 საჯარო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია, რომელიც საკუთარ აღსაზრდელებს ახალ მეთოდებს სთავაზობს. ბაღში მიაჩნიათ, რომ ზეიმის ფენომენი უკვე მოძველებულია და დროა, ბავშვებს სხვა მათთვის საინტერესო ღონისძიებები შესთავაზონ. ეწყობა ექსკურსიები და ბავშვების ნამუშევრების გამოფენა. ბაღის თანამშრომლის, ქეთი ჩილაძის, თქმით, ყველანაირი ღონისძიება ბავშვის ინტერესებზეა მორგებული.

ზეიმებთან დაკავშირებით, ყველას მიგვაჩნია, რომ ცოტა მოძველებულია და ნაკლებად მისაღებია ბავშვებისთვის. პირადად ჩემს ჯგუფზე რომ ვთქვა, ჩვენ გავუკეთეთ ბავშვებს პატარა გამოსაშვები სპექტაკლი, ყველაფერი თვითონ დადგეს და მშობლებიც და ბავშვებიც ძალიან ბედნიერები იყვნენ,“ – ამბობს ქეთი ჩილაძე.

„ზეიმი ცოდნის დემონსტრირებას არ უნდა ემსახურებოდეს“

შვილის ზეიმი ყველა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი დღეა. მათ უმეტესობას სურს, სცენაზე პირველად მდგომ საკუთარ შვილს უყუროს და გაჯიუტებულ ბავშვს დაჟინებით სთხოვენ სცენაზე გამოსვლასა და საკუთარი ნომრის შესრულებას. რთული სათქმელია, ზეიმი ბავშვისთვის უფრო დიდი სიამოვნებაა თუ მშობლისთვის.

ბავშვთა ფსიქოლოგის, ლიკა ბუწაშვილის, თქმით, ბავშვებმა უნდა იშრომონ და საკუთარი რესურსები მაქსიმალურად გამოავლინონ. თუმცა, ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ზეიმი მათთვის შეფასების გარემოსთან არ უნდა იყოს გაიგივებული.

„ თვითმიზანი არ უნდა იყოს ვინმესთვის ცოდნის დემონსტრირება. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ბავშვი დაინტერესდეს ერთობლივი ღონისძიებით, საერთო შრომასა თუ სიამოვნებაში მონაწილეობის მიღებით. თუკი ზეიმს ამგვარი დატვირთვა ექნა, მიზანშეწონილი და სასურველია ამ საერთო მხიარულების მონაწილენი ბავშვის ოჯახის წევრებიც გახდნენ,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ ფსიქოლოგი.

მას  მიაჩნია, რომ ბავშვები ასეთი ღონისძიებებისთვის წინასწარ უნდა შეამზადონ – უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რომ მათთვის საყვარელის ადამიანებიც იქნებიან ზეიმზე. თუ ბავშვი წინააღმდეგია, მაშინ მასთან აუცილებელია სპეციალური მუშაობა.

„თუკი რომელიმე ბავშვისთვის განსაკუთრებულად სტრესულია აუდიტორიის წინაშე წარდგომა, ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს სპეციალური მუშაობა, რომელშიც ჩართულნი იქნებიან, როგორც აღმზრდელები და მშობლები, ისე ფსიქოლოგებიც, რათა დაეხმარონ ბავშვს შფოთვის დაძლევაში,“ – ამბობს ლიკა ბუწაშვილი.

 

 

გვანცა ბზიავა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g