ბათუმთან ახლოს ორი ველობილიკის მარკირება იგეგმება. ველომარშრუტები სოფელ ავგიიდან ჭარნალისა და კვარიათის მიმართულებით მოინიშნება, რომელიც ველოსიპედისტებს საშუალებას მისცემს, ზღვისა და მთის პანორამული ხედებით დატკბნენ.
„ავგია-კვარიათი“-ს 4,5 კილომეტრიანი ველობილიკი ავგიაში, ჯვრის ტერიტორიიდან დაიწყება და ზემო კვარიათის გავლით ზღვასთან ახლოს კვარიათში დასრულდება. ბილიკიდან ველოსიპედისტების თვალწინ ბათუმის, გონიო-კვარიათისა და ზღვის ხედები გადაიშლება.
მეორე ველომარშრუტიც სოფელ ავგიიდან დაიწყება, ჭარნალის ხეობას მიუყვება, მდინარისა და ტყის საფარის გავლით კი სოფელ ჭარნალში დასრულდება. სოფელში მრავლადაა კვების ობიექტები და ღვინის მარანი, რაც მოგზაურებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალებას მისცემს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ველომარშრუტების მარკირებას ზაფხულის დასაწყისისთვის დაასრულებს.