შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენა მიმდინარეობს.
„ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ ვახტანგ გომელაური ყველა დროის საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრია.
რამდენიმეწუთიანი გამოსვლა ზილფიმიანმა კომპლიმენტით დაიწყო და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კრიტიკულია მინისტრების მიმართ, გომელაურის შემთხვევაში ის სხვანაირად ფიქრობს.
„სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ მინისტრს მოვესწარი შინაგან საქმეთა სამინისტროში – გეტყვით, რომ მე მიმაჩნიხართ თქვენ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრად. ამას ყოველგვარი ქათინაურის გარეშე გეუბნებით,“ – ამბობს ზილფიმიანი.
ის ამატებს, რომ ამას არამხოლოდ გომელაურის მიერ გაკეთებული საქმეების გამო ამბობს, არამედ იმ შეცდომების არარსებობის გამო – რომელიც სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, მას არ ჰქონია – „ამიტომ ერთგვარი ჩემპიონი ხართ ამ მიმართულებით“.
რაც შეეხება კითხვებს, ზილფიმიანმა გომელაურს ჰკითხა, ხომ არ იგეგმება საოკუპაციო ხაზებთან სათვალთვალო ტექნიკისა და კონტინგენტის გაზრდა და ასევე, სასწავლებლებში იარაღის ხმარების დანერგვა.
ამ და სხვა კითხვებს გომელაურმა სხდომის დასასრულისკენ უნდა უპასუხოს.