„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველად მოიგო უეფას თასი. გუნდს სამჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა თასი (1968, 1999, 2008) და ერთხელ თასების თასი (1991).
„იუნაიტედი“ გახდა მეხუთე კლუბი, რომელმაც სამივე თასი მოიგო. აქამდე ამის გაკეთება შეძლეს „ბაიერნმა“, „იუვენტუსმა“, „აიაქსმა“ და „ჩელსიმ“. „ბარსელონას“ არ მოუგია უეფას თასი, თუმცა სამჯერ გაიმარჯვა ბაზრობათა თასზე, რომელიც უეფას თასის წინამორბედად მიიჩნევა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა პირველი არაესპანური კლუბი ბოლო 4 წლის განმავლობაში, რომელმაც ევროთასი მოიგო. ბოლო კლუბი არა პირენების ნახევარკუნძულიდან, ვინც ევროპული ტროფეი მოიგო, „ჩელსი“ გახლდათ 2012/13 წლების სეზონში.
ევროპის ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო „სევილიამ“, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ „რეალმა“ და ერთხელ „ბარსელონამ“.
„იუნაიტედს“ ერთ-ერთმა პირველმა თანაქალაქელმა „სიტიმ“ მიულოცა. „ქალაქელებმა“ ინსტაგრამზე ორივე კლუბის ემბლებით ფოტო დადეს და მიაწერეს „ქალაქი ერთია“.
„მანჩესტერელები“ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ შავი სამკლაურებით თამაშობდნენ.
„აიაქსის“ შემადგენლობაში სასტარტოში ითამაშა მატიის დე ლიგტმა. ის მატჩის დღეს 17 წლის და 285 დღის იყო. დე ლიგტი გახდა ევროთასების ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი.
„დარჩი და შეგიძლია ჩემ ცოლთან სექსი გქონდეს“: ევროპა ლიგის ფინალზე, „მანჩესტერის“ ფანებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის მისამართით ბანერი გამოფინეს. დაუდგენელი ფანმა შვედ ფორვარდს პიკანტური წინადადებით მიმართა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონის შედეგებით ევროპის თასი პირველად მოიგო. მართალია ფინალში არ უთამაშია, მაგრამ ამ ტურნირზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.
აქამდე ზლატანს მხოლოდ უეფას სუპერთასი აქვს მოგებული (2009 წელს, ბარსელონაში).