საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ზუგდიდის ტექნოპარკის ინიციატივითა და აქსელის – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის ორგანიზებით, 6-8 დეკემბერს, ზუგდიდი Startup Investment Forum-ს პირველად უმასპინძლებს.
ფორუმის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა და მათთვის ღირებული ცოდნის გაზიარება.
ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გააერთიანებს თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს, მათ შორის ანგელოზ ინვესტორებს, აქსელის პორტფოლიო ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებს, დამწყებ მეწარმეებს, პოტენციურ ანგელოზ ინვესტორებსა და სფეროთი დაინტერესებულ კერძო, თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებს.
ღონისძიების მთავარი ნაწილი გაიმართება 7 დეკემბერს, 12:00 საათზე, ზუგდიდში, ნიკოსეულ სასახლეში. აქსელის წევრები, მოწვეული სტუმრები და პორტფოლიო სტარტაპები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ დამწყებ მეწარმეებს, გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების ფიჩები, პანელური დისკუსიები და პარტნიორების პრეზენტაციები.
აქსელი მოაწყობს ვიზიტს კანიონზე და სპეციალურ ვახშამსაც, სადაც ანგელოზი ინვესტორები და სტარტაპების დამფუძნებლები არაფორმალურ გარემოში შეძლებენ ღირებული კონტაქტების დამყარებას.
7 დეკემბრის კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ.