თბილისიდან ზუგდიდში ჩასულ სტუმარს, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში 28 აგვისტოს დაბინავდა კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ზუგდიდი თაიმის“ დირექტორის სოფიო ხუბულავას ინფორმაციით, პაციენტს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, სასტუმროში შესვლისას მაღალი ტემპერატურა
არ უფიქსირდებოდა. მისივე ინფორმაციით, მას ეპიდემიოლოგებმა სასტუმროში მიაკითხეს და შუაღამისას გაიყვანეს.
სასტუმროს დირექტორის, სოფიო ხუბულავას თქმით, არის თუ არა ის ვინმე დადასტურებულის კონტაქტი, უცნობია.
„თბილისიდან სტუმარი 28 აგვისტოს მივიღეთ, როგორც ვიცი სასტუმრომდე ტაქსით მოვიდა, ხოლო ზუგდიდამდე როგორ იმგზავრა არ ვიცი. შემოსვლისას ერთმა თანამშრომელმა მიიღო და ის ახლა თვითიზოლაციაშია. შემოსვლის დღეს, გვიან ღამით მოვიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადით, ანალიზები აუღეს და ისევ წავიდნენ. დაგვიბარეს არსად წავიდესო. მერე, დაახლოებით, ღამის სამ საათზე ისევ მოვიდნენ და წაიყვანეს. ორი კვირის წინ გავხსენით და არ გვყავს ბევრი თანამშრომელი, მას კი მხოლოდ ერთ პირი შეხვდა. ჯანდაცვიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, წესების დაცვით ყველაფერს დეზინფექცია ჩაუტარეთ და მუშაობა გააგრძელეთ პანიკას ნუ აყვებითო“, – განმარტა სასტუმროს დირექტორმა.
კოვიდადასტურებული ახალგაზრდა ქალი რუხის საავადმყოფოშია მოთავსებული.
