LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ცე ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია

110
ჭიაბერაშვილი

ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, არამედ საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.

წყალში გადაყრილი 560 მილიონი ლარი – C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა

ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის პირველ მიზეზად ფინანსურ ბარიერს ასახელებს. კერძოდ, მისი თქმით, მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, რაც პაციენტთა ნაწილისათვის ბარიერს ქმნიდა პროგრამაში ჩართვისთვის. მისივე თქმით, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე” 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია.

„2015 წლიდან ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავდა და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდოდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიული პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ ჩაეტარებინა C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება. ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა, როგორც რიცხვებიდანაც ჩანს, არ იდგა“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის აზრით, თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, შეუძლებლად ჩანს 2020 წლის ბოლომდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს“, – თქვა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები