გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი კანონით დადგენილი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვა გახდა.
ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლო პროცესი მოსამართლემ 10 მარტის 16:00 საათისთვის ჩანიშნა.
მოსამართლის განმარტებით, ის ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ადვოკატებს დროს აძლევს, რომ საქმის მასალებს გაეცნონ და დამატებითი მტკიცებულებები წარადგინონ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზურაბ ჯაფარიძის საქმის პარალელურად, ამავე პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის პროცესიც მიმდინარეობდა.
პროცესის პარალელურად, მანდატურებსა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს შორის ხმაური იყო. სასამართლოში ექიმების გამოძახება გახდა საჭირო, რადგან ნიკა მოსიაშვილი შეუძლოდ გახდა. მოწოდებების მიუხედავად კი მოსამართლემ პროცესის შეჩერებაზე უარი თქვა.
ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები სასამართლოს დერეფანში სკანდირებდნენ – „მონებო“.
ცნობისათვის, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 7 მარტს დააკავეს.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ჩიხლაძე: ზურაბ ჯაფარიძეს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ
ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – მიმართვაში აღნიშნულია, რომ ზურა ჯაფარიძის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის, სულ მცირე, სამი მუხლი:
„2023 წლის 7 მარტს, გვიან ღამით, ზურაბ ჯაფარიძე (პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დამფუძნებელი) საქართველოს პარლამენტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის ჩიტაძის ქუჩის მხრიდან გამაგრებულ სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონთან პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს ელაპარაკებოდა.
DRI-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-ს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც შესაძლებელი ვერ იქნებოდა დაკავებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.
შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, დაკავების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია ემსახურებოდეს დაკავებულის დასჯას, მისთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას და/ან მისი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას.
DRI-ის შეფასებით, ზურა ჯაფარიძის მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სულ მცირე, მე-3 (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან გათანაბრებული მოპყრობა), მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-10 მუხლების (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა.
DRI მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
შეწყვიტონ შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები; დარჩნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში; შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება – უზრუნველყონ შეკრების მონაწილეთა თავისუფლების და უსაფრთხოების დაცვა.
გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროა ზურა ჯაფარიძის დაკავების და არასათანადო მოპყრობის კადრები, რითაც დასტურდება, რომ სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი, დარბაზიდან გაათავისუფლოს ზურა ჯაფარიძე და მიუთითოს მისი დაკავების უკანონობაზე.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
ზურაბ ჯაფარიძეს მიმართ განხორციელებული ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი“, – აღნიშნულია DRI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს
შსს-მ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ ათი პირი დააკავა