LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს“

112
ზურაბ ჯაფარიძე

„სინამდვილეში, არჩევნების გაყალბება არ არის მარტო არჩევნების დღეს, არჩევნები გაყალბება არის წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლა რასაც ვაკეთებთ, აქ რომ ვდგავარ და მიწევს სიარული და კითხვებზე პასუხების გაცემა, ესეც არჩევნების გაყალბების გაგრძელებაა“ – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ გააკეთა.

მისი განმარტებით, კითხვები ჰქონდათ ძირითადად ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც მანვე ჩაწერა, სადაც როგორც ჯაფარიძე ამბობს, საუბრობს გაყალბების სქემებზე.

ჯაფარიძის განცხადებით, სოციალური მედია სავსეა მტკიცებულებებით და თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ნახვა, მარტივად მოიძიებს:

„პოლიტიკური ნება ამ საქმის გამოძიების არ არსებობს“ – ლონდა თოლორაია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა

ლონდა თოლორაიას განცხადებით, მან მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს.

„კითხვები ჰქონდათ ძირითადად ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც მე ჩავწერე, სადაც ვყვები გაყალბების სქემებზე და აინტერესებდათ მტკიცებულებები. რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებ-გვერდების მისამართებზე, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არა მხოლოდ პროკურატურას, შეუძლია ნახოს მტკიცებულებების წყება, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღეს.

შესავალ სიტყვაში ავხსენი, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს ჩათვლით, საერთოდ როგორ მოხდა საქართველოს მოქალაქეების ნების და არჩევანის მიტაცება. დანარჩენი კითხვები იყო მეტწილად ტექნიკური ხასიათის, სადაც ძირითადად მიწევდა მითითება სხვადასხვა ვებ-გვერდებზე. ზღვა მასალა არის განთავსებული სხვადასხვა ვებ-გვერდებზე და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს. თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ნახვა, მაგის პრობლემა არ არის.

სინამდვილეში, არჩევნების გაყალბება არ არის მარტო არჩევნების დღეს, არჩევნები გაყალბება არის წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლა რასაც ვაკეთებთ, აქ რომ ვდგავარ და მიწევს სიარული და კითხვებზე პასუხების გაცემა, ესეც არჩევნების გაყალბების გაგრძელებაა. ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის გამოკითხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამაც. მისი თქმით, ჯაფარიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ქარჩავას განმარტებით ჯაფარიძეს კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, არ დაუსახელებია:

„რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მოწმის ინფორმაციას, რომელიც მან მოგვაწოდა, გავაანალიზებთ და ამის საფუძველზე დავგეგმავთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს.

ამ ეტაპზე მოწმეები, რომლებიც გამოვკითხეთ, ანუ პირველი წყარო, ვინც აკეთებდნენ განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კონკრეტული სახელი და გვარი არც ერთ მოწმეს არ დაუსახელებია. როდესაც გამოძიება მოახდენს კონკრეტული დამკვირვებლების იდენტიფიცირებას, არის უამრავი ადამიანი, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სექტორში, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გამომდინარე, დავიბარებთ, გამოვკითხავთ, ან დავკითხავთ სასამართლოში“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გუშინ, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია დაიკითხნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g