LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილის ინაუგურაციის ღონისძიებაზე სტუმრები ფეხზე იდგებიან

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას 1 800 ადამიანი დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა,  რომ თითქმის ყველა სტუმარი, ვისაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, ფეხზე იდგება, რათა პროცესში მონაწილეობა მეტმა ადამიანმა შეძლოს.

“თავიდან იყო მოსაზრება, რომ ნაწილი ხომ არ იჯდეს და ნაწილი ხომ არ იდგეს, რაც ჩემი და ყველას აზრით, არ იქნებოდა სწორი, რომ ვიღაც იჯდეს და ვიღაც იდგეს. ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყველა ფეხზე იდგეს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს

ყველა აბსოლუტურად – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ინაუგურაციაში მიიღებენ მონაწილეობას ფეხზე დგომით, ვინაიდან მიეცეთ საშუალება უფრო მეტ ადამიანს, მიიღონ საინაუგურაციო პროცესში მონაწილეობა.

სკამები იქნება მხოლოდ მისი უწმინდესობისთვის, კონფესიის წარმომადგენლობისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის”, – განაცხადა კახიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება. ცერემონიას მსოფლიო პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისინია დაესწრება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინაუგურაციის მონაწილეობას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ცნობილია, რომ ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

ინაუგურაციის პარალელურად თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g