LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება შემოსავლების სამსახურია – IDFI

104

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  2017 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად სსიპ – შემოსავლების სამსახურს ასახელებს.

მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა 29 მოთხოვნა, საიდანაც პასუხი ინსტიტუტს არც ერთ მოთხოვნაზე არ მიუღია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად უარესდება და 2016 წლიდან 0%-ს უტოლდება. 2017 წელს შემოსავლების სამსახურის გარდა, საქართველოს 289 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 13 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, ვინც სრულად უგულებელყო კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის შეფასებით, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგრესის თვალსაზრისით გამორჩეულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც 2016 წლის 81,9%-იანი მაჩვენებელი 2017 წელს 69,8%-ით გააუარესა და 12,1% შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში მაჩვენებელი გაუარესდა 35,7%-ით.

მათივე ინფორმაციით, 2017 წელს, გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა 2016 წელს ყველაზე დახურულ უწყებად დასახელებულ იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, რომელმაც 2016 წლის 0%-იანი მაჩვენებელი 74,9%-ით გააუმჯობესა. საჯარო დაწესებულებიდან 2016 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის გაუმჯობესებით გამორჩეულია აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო + 46,2%

IDFI- ის ცნობით, 2017 წელს, 289 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 7 728 მოთხოვნაზე, სრულყოფილი პასუხი მიღებულია 4 604 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი გაეცა 483 მოთხოვნას, უარს ადგილი ჰქონდა 51 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვეს 946 მოთხოვნა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი 39-მა საჯარო დაწესებულებამ აჩვენა. მათ შორის იყო: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

პოპულალურები