LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“9 აპრილს დაღუპულთა მაგალითით უნდა ვიცხოვროთ,”-ირაკლი კობახიძე

124

„ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და რაც მთავარია, მათი გმირობა თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ ამ მაგალითით უნდა ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ ნებისმიერ სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე კომენტარი პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამაც გააკეთა.

„დღეს ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ადგილიდან რამდენიმე ასეულ ნაბიჯში ვცხოვრობ და უშუალო მონაწილე ვიყავი იმ ამბების. სწორედ ამიტომ მოვედი ჩემს შვილებთან ერთად, რომელთა ტოლიც მაშინ ვიყავი, როცა ეს მოვლენები ვითარდებოდა. როგორც არასდროს იმ პერიოდში მთელი საქართველო იყო ერთიანი და ერთი მიზნისკენ მიისწრაფოდა. იმედი მაქვს ჩვენ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები დღესაც, როდესაც მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ, ვიპოვით ძალას და მოვახერხებთ ისეთივე კონსოლიდაციას, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ გვქონდა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით, საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმაც შეამკეს.

9 აპრილის სისხლიანი მოვლენებიდან 28 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცების მიერ სასტიკად იქნა დარბეული. სისხლიან აქციას 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები