LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაპარლამენტო ოპოზიცია ვეტოს მოლოდინში

32

პოლიტიკური კრიმინალი და პოლიტიკური ქურდობა –  ასე აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებას, რომელიც უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას ეხება. საუბარია უმრავლესობის დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 5-ის ნაცვლად 11 პოლიტიკური პარტიისათვის ითვალისწინებს უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას. როგორც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან”, გიორგი ახვლედიანმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა, საპარლამენტო ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი უფასო სარეკლამო დროზე გაყიდა.

“კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი პარტიები, “რესპუბლიკური მოძრაობა”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”, ცდილობენ, სხვა პარტიებს მოპარონ უფასო სარეკლამო დრო. ისმის კითხვა, რატომ აძლევს ამ ცვლილებებს ხმას “ქართული ოცნება”, პასუხი მარტივია: იმიტომ აძლევს ამას ხმას, რომ ეს ცვლილებები ე.წ. გერმანულ მოდელში გადაცვალა იმ მიზნით, რომ ამ პარტიებმა მხარი არ დაუჭირონ ე.წ. გერმანულ მოდელს. ამიტომ შესთავაზეს უფასო სარეკლამო დროის მხარადჭერა. ეს არის გაყიდული თემა” – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ინტერპარტიული ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს, კანონში ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს უფლება გამოიყენოს გიორგი ახვლედიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, მარგველაშვილს საშუალება ექნება, ალტერნატიული საკანონმდელო ინიციატივა წარადგინოს. არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს სთავაზობს, მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ალტერნატიულ წინადადებაში შეიტანოს ე.წ. გერმანული მოდელი და გააუქმოს სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით შემუშავებული ახალი ინიციატივა.

პოპულალურები