LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ფაროსანა – როგორ მოვიქცეთ, თუ მწერს სახლში შევნიშნავთ?

ბოლო კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში ხშირია პოსტები, სადაც მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიისა და სამეგრელოს სოფლებში, გავრცელებული მწერების გამო წუხს. ეს მწერები უმეტესად სიმინდსა და თხილს ეტანებიან.

Facebook-ის ერთერთი მომხმარებელი, ლადო აფხაზავა, წერს, რომ  მწერმა, სახელად, ფაროსანამ, გურიაში, ლანჩხუთში, ხილი და ბოსტნეული გააფუჭა, ახლა კი საყანე ფართობებს შეესია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში “ფორტუნასთან” საუბრისას განმარტეს, რომ ფაროსანას ჯიშის მწერის გასანადგურებლად უწყებაში შეწამვლის პროცესი ორ ეტაპად დაიგეგმა: პირველად 53 ათასი ჰექტარის ფართობი შეიწამლა; მეორე ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, ჯერჯერობით 20 ათასი ჰექტარია შეწამლული, მთლიანობაში კი 50 ათასი ჰექტრის შეწამვლა იგეგმება.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს პრობლემა ჯერჯერობით მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას აწუხებს და უწყება ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც არ გავრცელდეს.

ცნობისთვის, ეს მწერი ამერიკაშიც საკმაოდ გავრცელებულია.

„არსებობს ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრი ითვალისწინებს ფაროსანასთან ბრძოლისას. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ სახელმწიფო უწყება ვერაფერს გახდება, თუ მოსახლეობაც არ დაგვეხმარა. კერძოდ, ჩვენი თხოვნაა, რომ დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით, გურიისა და სამეგრელოს სოფლების მკვიდრებმა სახლებში დადგან სპეციალიზებური ყუთები, რომლებიც მწერების გავრცელებას შეუშლის ხელს. მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული  ფაროსანების  მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად ,“  –  განმარტავენ სამინისტროში.

აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად  2015 წელს  დაფიქსირდა.   მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა.  გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს,  განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას.

ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.

 

 

თათია კაკიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები