LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარში ხალხი არ დადის: რა ღირს საახალწლოდ პროდუქტები

322

ახალი წლის მოახლოების მიუხედავად ბაზარში ხალხის მატება არ შეიმჩნევა, – ამის შესახებ „ფორტუნას“ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებმა განუცხადეს.

მართლაც, ბაზარში შესვლისას დახლებთან ხალხის სიმრავლე დისკომფორტს ნამდვილად არ შეგიქმნით. პროდუქტით სავსე დახლებს, უკმაყოფილო მოვაჭრეებსა და ნავაჭრით დატვირთულ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ შენიშნავთ გარშემო. მომხმარებლების ნაწილი პროდუქტზე ფასების მატებას უჩივის და მთავარ მიზეზად გაუფასურებულ ლარს ასახელებს.

„პროდუქტზე ფასის მატებას ახალ წელს ნამდვილად ვერ დავაბრალებ. მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ყველაფრის ფასმა ნელ-ნელა მოიმატა. ახალი წელი მაშინ გიხარია ადამიანს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა გიწყობს ხელს, ჩემი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი ფუფუნების საშუალებას ნამდვილად არ მაძლევს, შესაბამისად ახალი წლისთვისაც მოკრძალებულად ვემზადები,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი მომხმარებელი.

იმავეს ამბობენ ე.წ. „დეზერტირების ბაზრის“ მოვაჭრეებიც. პროდუქტზე ფასების მატება, ხალხის სიმცირე – ეს ის მთავარი პრობლემებია, რაც მოვაჭრეების უკმაყოფილებას იწვევს, პრობლემის მიზეზად კი ახალი წლის ნაცვლად კვლავ გაუფასურებული ლარი სახელდება. მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ ახალი წლის დღეებში პროდუქტზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს და აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ამ პერიოდში მომხმარებელიც უფრო მეტი ჰყავდათ და, შესაბამისად, ვაჭრობაც უკეთესი იყო.

„ფასების მატებასთან ახალი წელი არაფერ შუაში არ არის. პროდუქტი მას შემდეგ გაძვირდა, რაც ლარი გაუფასურდა, ხალხს ფული აღარ აქვს და, შესაბამისად, ბაზარში სავაჭროდაც აღარავინ დადის,“ – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ბაზარში შეხვდებით ისეთ მომხმარებლებსაც, რომლებიც პროდუქტზე ფასების მატებას ვერ გრძნობენ, საახალწლოდ მხოლოდ სამარხვო სუფრით შემოიფარგლებიან და შობის დადგომასა და საშობაო მარხვის დასრულებას ელიან.

„სიმართლე, რომ გითხრათ მე ფასების მატება არ მიგრძვნია. ალბათ იმიტომ, რომ მარხვაზე ვარ და ძირითადად ბოსტნეულით ვიკვებები, ახალი წლისთვისაც სამარხვო სუფრას ვამზადებ და ბევრი პროდუქტის შეძენაც არ მჭირდება,“ – განმარტავს ერთ-ერთი მომხარებელი.

ეკონომიკის ექსპერტისა და სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის თქმით, მოკრძალებული საახალწლო სუფრა საქართველოში საშუალოდ 325-330 ლარამდე ჯდება.


ე.წ. „დეზერტირების ბაზარში“ პროდუქტების ფასები კი ასე გამოიყურება:

ნიგოზი – 1 კგ. 20-30 ლარი
თაფლი – 1 კგ. 15-18 ლარი
გოჭი – 80-120 ლარი
ინდაური – 60-100 ლარი
ქათამი – 6-8 ლარი
ყველი – 1 კგ. 9-10 ლარი
სულგუნი – 1 კგ. 13 ლარი
კიტრი – 1 კგ 4 ლარი
პომიდორი – 1 კგ. 3 ლარი
ჩურჩხელა – 3-10 ლარი
ჩირი – 1 კგ. 8-15 ლარი
ფორთოხალი – 1 კგ. 1.50-3 ლარი
ვაშლი – 1 კგ. 2-3 ლარი
კივი – 1 კგ. 2.50-4 ლარი
ყურძენი – 1 კგ. 5 ლარი
მსხალი – 1 კგ. 8 ლარი
კანფეტი – 4-5-ლარიდან 30 ლარამდე
ლიმონათი – 1.50-2.50 ლარი

დატვირთულ საახალწლო სუფრას და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები