LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენები პროგრამას “აწარმოე საქართველოში” აფასებენ

45

„აბსოლუტურად ობიექტურად უნდა ვთქვთ, რომ პროექტი „აწარმოე საქართველოში“ გამოდგა, როგორც ძალიან წარმატებული პროექტი“ – ამის შესახებ „ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც დაემატა რამდენიმე კომპონენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ბოლომდე აითვისა საექსპორტო პოტენციალი, რამეთუ არსებობს საინტერესო სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო გარიგებები რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანასთან, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნებთან“ – განაცხადა ბიზნესმენმა.

სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპონენტის დამატება, რომელიც მიმართულია  საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისკენ.

„ყველაფერთან ერთად, ეს პროგრამა ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი იქნება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უფრო მეტი ინვესტიციების მოსაძიებლად და ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის“ – აღნიშნა ფხაკაძემ.

„აწარმოე საქართველოში“  ახალი სტრუქტურის პრეზენტაციიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემაც გააკეთა:

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დღეს პრემიერ მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა გააკეთეს პრეზენტაცია, სადაც საუბარი იყო, რომ პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. ძალიან მნიშვნელოვანია მისი საექსპორტო მიმართულებით განვითარება. საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზრების კომერციული ატაშეები ეყოლება საქართველოს და ბანკების აქტივობაც კიდევ უფრო გაიზრდება ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია“ – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისი განცხადებით, პროგრამაში  ქართული ბანკების უმრავლესობა  არის ჩართული და „თიბისი ბანკიც“ პროექტის არის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სიახლეები, რაზეც დღეს იყო საუბარი პრეზენტაციაზე, მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ჩართულობა“ – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

პროექტი “აწარმოე საქართველოში”–ს სხვადასხვა კომპონენტი, დღეიდან ერთი სახელის ქვეშ გაერთიანდა და ახალი შესაძლებლობები დაემატა.

„აწარმოე საქართველოში“ განახლებულ სტრუქტურას, რომლის პრეზენტაციაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართა, მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს. ახალი სტრუქტურა ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს – ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს გააერთიანებს.

„ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება  სამი მიმართულება: „აწარმოე საქართველოში-ბიზნესი“, „აწარმოე საქართველოში-ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოშიინვესტიცია.  გარდა ამისა, სააგენტოს დაემატა  ეკონომიკური ატაშეების ახალი მიმართულება. ეკონომიკური ატაშეები აქტიურად  ითანამშრომლებენ ჩვენს ექსპორტიორებისა და ინვესტორების გუნდთან, რათა დააკავშირონ როგორც პოტენციური ინვესტორები, ასევე პოტენციური შემსყიდველები იმ სავაჭრო პარტნიორების ქვეყნებიდან,  რომლებშიც იქნებიან წარდგენილნი“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს მარიანა მორგოშიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები