LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააგვიანა თუ არა სასწრაფომ ევა ბარბაქაძის დასახმარებლად მისვლა

108

თუ გამოიკვეთება, რომ ევა ბარბაქაძის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ მისვლა დააგვიანა, საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურა შეისწავლის, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

“რეგიონების შემთხვევაში პრობლემა არის აღჭურვილობა და ავტოპარკი, თბილისის შემთხვევაში კი არის შეუსაბამო გამოძახებები, დიდი ხანი დაკარგული გამოძახებაზე მისასვლელად, რომელსაც თავისი მრავალი მიზეზი აქვს – საგზაო მოძრაობა, გზის არ დათმობა და სხვა. რაც შეეხება სამედიცინო მოვლის ხარისხს, თუ ამ შემთხვევაში გამოიკვეთება ის, რომ არაჯეროვანი მოვლა იყო, არსებობს სტურუქტურა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც დადგენილი წესით შეისწავლის საკითხს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც,  შორენა ბეგაშვილის შვილთან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისვლა დააგვიანა, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც ეხმაურება.

“მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც ისე გაავრცელა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად არ მოუმართავს.

საუბარია მოზარდ გოგონაზე, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც სტატუსის ავტორი წერდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 22-23 წუთის დაგვიანებით მივიდა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცენტრმა დეტალურად შეამოწმა ბრიგადის მოძრაობის გრაფიკი. როგორც დოკუმენტურად დადგინდა, აღნიშნული გამოძახება 26 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 18:32:37 საათზე მიიღო და პაციენტთან 10 წუთში მივიდა (მისვლის დრო: 18:42:14 სთ.). მოზარდს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მანიპულაციები და 18.52-სთ-ზე დაიწყო პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი.

რაც შეეხება ექიმების მიერ პაციენტისთვის აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარეობის საკითხს, იგი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები