LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ლინჩი საქართველოს ოთხი დღით ეწვევა – რა პროგრამა აქვს ცნობილ რეჟისორს

86

18 ნოემბერს საქართველოში ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ჩამოდის. ჩვენს ქვეყანას ეწვევა ასევე დევიდ ლინჩის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბობ როთი. აღსანიშნავია, რომ ეს დევიდ ლინჩის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში, სადაც მისი ფონდის წარმომადგენლობა დაარსდა. დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიის პრეზიდენტი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძეა. ფონდი საქართველოში 2017 წლის 25 ივლისს დაფუძნდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს.

დღეს, „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, დევიდ ლინჩის ვიზიტის მნიშვნელობასა და დაგეგმილ პროგრამაზე ისაუბრეს.

როგორც აღინიშნა, ლინჩსა და მისი გუნდის წევრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს. დაგეგმილია „მალჰოლანდ დრაივის“ ჩვენება კინო „ამირანში“ (20 ნოემბერი, 19:00 სთ), ამავე დღეს შედგება შეხვედრა სტუდენტებთან, რომელიც კლუბში „ხიდია“ დაგეგმილი, საღამოს ხუთ საათზე. აქ რეჟისორი ძირითადად ტრანსცენდენტული მედიტაციისა და საზოგადოებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს.

დაგეგმილია რეჟისორის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, კულტურის მინისტრსა და თბილისის მერთან. ფონდი მადლობას უხდის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, მის ხელმძღვანელს მარიამ ჯაშს დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერისთვის.

გიგა აგლაძე, რეჟისორი:

ოთხდღიანი ვიზიტი აქვს დევიდს ამჯერად. საკმაოდ დატვირთული ვიზიტია, შეხვედრებია სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, ასევე საზოგადოებათან, ვისაც აინტერესებს მისი შემოქმედება, კინოინდუსტრია. საუბარია ერთ პროექტზე, თუმცა არ მაქვს უფლება, ვილაპარაკო წინასწარ, რომელსაც სავარაუდოდ, შემდეგ წელს განვახორციელებთ ერთად. კულტურის მინისტრთან საუბარი შედგება სამომავლო თანამშრომლობაზე. უფრო თამამად სამომავლო გეგმებზე მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც დევიდ ლინჩი საქართველოს დატოვებს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები