LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი ჯაზ-ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება

11

4 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს კომპანია „ისთერნ პრომოუშენის“ წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ისაუბრა.

– ქალბატონო ეკა, როგორ ემზადებით მორიგი, რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალისთვის?

– მზადება ჯაზ-ფესტივალისთვის, რომელიც ჩვენი მუდმივი პარტნიორის თი ბი სი ბანკის მხარდაჭერით გაიმართება 27-30 ივლისს, უკვე დიდი ხანია დაწყებულია. გარდა ამისა, წელს ახალი სპონსორიც გვყავს – კომპანია „მეტრო“, რომელსაც დიდ მადლობა მინდა ვუთხრა თანადგომისთვის. ფესტივალის პროგრამა, გასული წლების მსგავსად წელსაც მრავალფეროვანი იქნება და ნებისმიერი ასაკის მუსიკის მოყვარულის გემოვნებას დააკმაყოფილებს. 27 ივლისს ფესტივალს პიანისტი და ჯაზ-ორღანისტი, გოსპელის, ჯაზის და ფანკის ამერიკელი შემსრულებელი Cory Henry გახსნის, საერთო ჯამში კი, რვა კონცერტი გაიმართება. 28 ივლისს JAMIROQUAI გვეწვევა, რომელიც მართლაც ფანტასტიკურ შოუს მოაწყობს, მოგვიანებით კი, Matthew Harnet გამართავს კონცერტს, რომელიც მისივე განცხადებით „ყოველთვის გულიდან წამოსულ მუსიკას ასრულებს“.

– რამდენადაც ვიცი, JAMIROQUAI-ის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?

– გეთანხმებით, გარკვეული პრობლემები მართლაც ჰქონდა, თუმცა ახლა არაჩვეულებრივ ფორმაშია. 7 ივლისს ესპანეთში აქვს გამოსვლა, მოგვიანებით კიდევ რამდენიმე კონცერტს გამართავს ევროპაში, თვის ბოლოს კი, ბათუმში ჩამოვა ახალი ალბომით და თავისი უზარმაზარი ჯგუფით, რომელიც განათებაზე, გახმოვანებაზე და სხვა ტექნიკურ საკითხებზე იზრუნებს. სხვათაშორის, ელექტრონული ქუდი, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა სოციალურ ქსელში და მის სავიზიტო ბარათად იქცა, გერმანელმა დიზაინერებმა დაამზადეს. ვფიქრობ, ძალიან საამაყოა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელსაც მუსიკოსი ესტუმრება. გარდა ამისა, სამი საღამო გაიმართება 29 ივლისს, რომელიც ნიუ-იორკული ტრიოს DE LA SOUL-ის კონცერტით გაიხსნება და Lou Berry-ის, DJ KORDZ და გიორგი ცაგარელის კონცერტებით გაგრძელდება. 30 ივლისს ბრიტანელი მუსიკოსი JOSS STONE გამართავს წარმოდგენას, ფესტივალი კი, დუეტის MF ROBOTS-ის საღამოთი დაიხურება.

– საკმაოდ ხშირი ურთიერთობა გაქვთ უცხოელ ვარსკვლავებთან. საინტერესოა, 11 წლის მანძილზე ყველაზე უცნაური მოთხოვნა ვის ჰქონდა?

– ზოგადად ყველას თავისი მოთხოვნა აქვს. ვფიქრობ, მთავარი მაინც ტექნიკური მხარეა და როცა ჩამოსულებს ყველა საკითხი მოგვარებული ხვდებათ, აღფრთოვანებას ვერ მალავენ, კომპლიმენტებს არ იშურებენ და კონცერტსაც ამაღლებული განწყობით მართავენ.

– თქვენი აზრით, კომერციულად რამდენად მომგებიანია ჯაზ-ფესტივალი ბათუმისთვის?

– საკმაოდ მომგებიანია. ადგილობრივები რამდენიმე თვის ადრე იწყებენ მზადებას, რადგან ფესტივალის დღეებში უამრავი ტურისტი ჩადის ბათუმში, ყველა სასტუმრო გადატვირთულია და ბინის ქირაობაც შეუძლებელია. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს აჭარის რეგიონს ფესტივალის წყალობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები