LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს უზარმაზარი დროშა გამოვფინეთ, რათა ყველას გაეგო რომ პატარა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ადამიანების ქვეყნიდან ვიყავით” – დიზაინერი ეკატერინე აბესაძე ინდოეთში მოწყობილ სიმპოზიუმზე და შემოქმედებით სიახლებზე

652
ეკატერინე-აბესაძე

19 მარტს რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს მხატვარი და დიზაინერი, საქართველოს მხატვართა კავშირის და მსოფლიო მემინანქრეთა ასოციაციის წევრი, იტალიის მემინანქრეთა და ბრიტანეთის იუველირთა ასოციაციების წევრი, ხელოვნების მაგისტრი ეკატერინე აბესაძე სტუმრობდა, რომელმაც ინდოეთში მოწყობილ სიმპოზიუმზე, შემოქმედებით სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ინდოეთში ქალბატონ ია არსენიშვილთან ერთად გავემგზავრე მთელი თვით. ძალიან საინტერესო ტექსტილის სიმპოზიუმი ჩატარდა 50 ქვეყნის 110 მხატვრის მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ყველამ საკუთარი შემოქმედება, ნამუშევრები და ინდივიდუალური ხედვა წარმოადგინა, რისი გაცნობა და გაზიარება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სიმპოზიუმის ფარგლებში მოეწყო ვორქშოპებიც. მე და ია არსენიშვილმა თექა წარვადგინეთ ჩვენს ასისტენტებთან ერთად და ძალიან საინტერესო ვორქშოპი მოვაწყვეთ ულამაზესი გახსნით. პირველ რიგში, საქართველოს უზარმაზარი დროშა გამოვფინეთ, რათა ყველას გაეგო რომ პატარა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ადამიანების ქვეყნიდან ვიყავით. პრეზენტაციაზე სტუმრებს ქართული მუსიკის მოსმენა და ღვინის დაგემოვნება შევთავაზეთ, მივაწოდეთ ინფორმაცია მატყლის შესახებ და ვაჩვენეთ ჩვენი ნამუშევრები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი მოწონება დავიმსახურეთ, რადგან ინდოელების შემდეგ სწორედ ჩვენი ვორქშოპი აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კურატორს, ბატონ თემურ ივანეიშვილს, რომელიც სიმპოზიუმზე გამგზავრებასა და მონაწილეობის მიღებაში დაგვეხმარა.

ზოგადად, ძალიან შემეცნებითი სიმპოზიუმი იყო. მართალია, ყველა მინანქრის ოსტატად და სამკაულის დიზაინერად მიცნობს, მაგრამ სიმპოზიუმზე მე და ქალბატონმა იამ საქართველოს მხატვართა კავშირი და ტექსტილის მიმართულება წარვადგინეთ, რომლითაც  ცოტა ხნის წინ დავინტერესდი და უკვე მოვაწყვე გამოფენა შარდენზე გობელენის მუზეუმში, თუმცა, ვერც მინანქარს შეველიე, ვაგრძელებ ამ სფეროში მუშაობას და ახალი კოლექციების მზადებას.

უამრავი ვორკშოპი მოეწყო სიმპოზიუმის ფარგლებში და ძალიან ბევრი ახალი გავიგეთ.  სხვა სიახლეებთან ერთად, ახალი ტექნოლოგია – ეკოპრინტი შევისწავლე, რომელიც ქსოვილის სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებას და ნატურალური ყვავილებით, ფოთლებით ხატვას გულისხმობს. სიმართლე ვთქვა, ჯერ თვითონაც არ ვარ გარკვეული ახალ ტექნოლოგიაში, ამიტომ ყველა მცენარის გულდასმით გამოკვლევა მჭირდება, მერე კი, სხვასაც გავუზიარებ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.

იმედი მაქვს მხატვრები დაუბრუნდებიან ტექსტილზე მუშაობას. მაგალითად, ია არსენიშვილმა, რომელიც ბატიკის ოსტატია, ფერწერაში გადაინაცვლა, რადგან შემოსავლის სიმწირის გამო სხვა მხატვრების მსგავსად ისიც იძულებული გახდა მორგებოდა არსებულ რეალობას. სამწუხაროდ, დღეს მხატვრები მეტწილად სუვენირების მაღაზიების მომხმარებლის გემოვნებაზე ვართ დამოკიდებული, რომელიც ნაკლებად ინტერესდება მასიური პანოებით და მხოლოდ მცირე ზომის სუვენირებს ყიდულობს.

ინდოეთის შემდეგ ანალოგიური სიმპოზიუმი მოეწყობა საქართველოშიც, რომელიც მეტწილად გამოყენებით ხელოვნებას მიეძღვნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ გულიკო ჭუმბაძეს, რადგან სწორედ მისი ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება სიმპოზიუმი სექტემბრის თვეში თეთრიწყაროს მხატვრის სახლში. უკვე მზადდება პროგრამა, რომელიც არა მხოლოდ ვორკშოპებს, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობასა და კულინარულ მასტერკლასებს გააერთიანებს. მიხარია, რომ მსგავს ღონისძიებაში უამრავი ქართველი და უცხოელი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას.

ახლო მომავალში ელენე ახვლედიანის სახელობის მეტად საინტერესო კონკურსის მოწყობას ვგეგმავთ, რომლის მთავარი თემა პეიზაჟი იქნება და მხატვართა კავშირის 98 წევრთან ერთად თვითნასწავლი მხატვრებიც მიიღებენ მონაწილეობას, სამი გამარჯვებული კი, სწორედ ჩვენი სიმპოზიუმის უცხოელ სტუმრებთან ერთად მოაწყობს ვორკშოპებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები