LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალები” სტუმრად „არტ-FM“–ში – ახალი სეზონი სტარტს 11 მარტს აიღებს

6

28 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“  შემოქმედებითი ჯგუფი – მთავარი პროდიუსერი ირაკლი საღინაძე, მსახიობები სალომე შარვაძე და ბახვა ბრეგვაძე სტუმრობდნენ.

– ირაკლი, როდის დაიწყება სერიალის ახალი სეზონი და შეიტანეთ თუ არა ცვლილებები სცენარში?

– ახალი სეზონი სტარტს 11 მარტს აიღებს. რაც შეეხება სცენარს, უნდა ავღნიშნო, რომ სცენარი ერთიანად არასდროს იწრება. პირველ რიგში იმ მიმართულებებზე ვფიქრობთ, რომელიც  სეზონის მანძილზე უნდა განვითარდეს, პარალელურად ვმუშაობთ სცენარზე, ორი-სამი კვირის შემდეგ კი, გადაღებები იწყება, რადგან ასე ბევრად მარტივია  აქტუალურობის შენარჩუნება და სხვათაშორის, სწორედ ეს განაპირობებს მის წარმატებას და პოპულარობას. გარკვეული ცვლილებები სცენარში მართლაც შევიტანეთ, თუმცა რადიკალურად არაფრი შეგვიცვლია.

– სალომეს და ბახვას თუ იხილავს მაყურებელი ახალ სეზონზე?

– რა თქმა უნდა, სალომე და ბახვა ახალი სეზონის პირევლივე სერიებში გამოჩნდებიან.

– ბახვა, რამდენად მოგწონთ თქვენი პერსონაჟი?

– ახალ სეზონზე ჩემი პერსონაჟი განსხვავებული იმიჯით წარსდგება მაყურებლის წინაშე, ამიტომ ვცდილობ, კარგად მოვირგო და ჩვენი ხაზიც საინტერესოდ განვავითარო.

– რამდენად დიდ გავლენას ახდენს სერიალი თქვენს ცხოვრებაზე?

– გადაღებების პირველივე დღიდან სერიალი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, შემიყვარდა და ძალიან მიჭირს მის გარეშე.

– რამდენადაც ვიცი, თქვენ არ გქონდათ პროფესიონალური განათლება, თუმცა, გამოსავალი მოძებნეთ და მალე დიპლომიც გექნებათ.

– გეთანხმებით, რამდენიმე დღეში უკვე დიპლომიანი მსახიობი ვიქნები.

– სალომე, როგორ ახერხებთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის და პირადი ცხოვრების შეთავსებას?

– 15 წლიდან ვმუშაობ, ირაკლის თავის ჯგუფთან ერთად კი, ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ამიტომ სერიალში მონაწილეობა ჩემთვის სამსახურზე ბევრად მეტია, რადგან ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მათ გვერდით თავს. გარდა ამისა, კიდევ სამი სამსახური მაქვს, თუმცა ყველაფერს ვახერხებ, რადგან ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე.

– უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს თქვენი ჟურნალი. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– იზაბელ იუპერთან გვაქვს მოლაპარაკებები, ზაფხულში ველოდებით და ვნახოთ რა მოხდება.

– ირაკლი, ყველაზე უცნაური ჭორი, რაც სერიალზე გსმენიათ?

– უამრავი ცუდი გამიგია. ხშირად გვაკრიტიკებენ უსამართლოდ, თითქოს რაღაცის ან ვიღაცის პროპაგანდას ვეწევით. გავრცელდა ჭორი, თითქოს თამბაქოს კორპორაციის მაფიას ვემსახურებით, მერე ამბობდნენ, თითქოს ფულს ვიღებდით გეი-პროპაგანდაში. უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ მსგავს აბსურდი საკმაოდ სერიოზული ადამიანებისგან მესმის. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ჭორაობაა, თორემ ობიექტური კრიტიკა სასარგებლო და გასათვალისწინებელია, ასეთი კი, ნაკლებადაა  არადა ჩვენც საკმაოდ ბევრი მინუსი გვაქვს და საინტერესო იქნებოდა სხვისი აზრის მოსმენა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რამდენადაც ვიცი, მორიგი ფილმის გადაღებას და წიგნის დაწერას აპირებთ?

– გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს. თუმცა, დაზუსტებით ჯერ არაფრია ცნობილი.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები