LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი ფილმის დეტალები “არტ-FM–ში”

8

6 ოქტომბერს რადიო “ფორტუნას” რეზო ჩხიკვიშვილი, ნიკოლოზ ხომასურიძე და ლაშა კანკავა სტუმრობდნენ, რომლებმაც გადაცემაში “არტ-FM” ახალ პროექტზე – ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი ფილმის გადაღებებზე ისაუბრეს.

რეზო ჩკიკვიშვილი

– სანამ უშუალოდ ფილმზე გადავალთ, მინდა გკითხოთ, რამდენად მართალია ბატონო რეზო, თითქოს, ყოველი სპექტაკლის წინ, კულისებიდან იხედებოდით, დარბაზში ლამაზ გოგონას პოულობდით და ეუბნებობოდით: “ამ სპექტაკლს მე დღეს შენთვის ვითამაშებ”.

– დიახ, მართალაც ასე იყო. ის პერიოდში არავინ მიყვარდა, არადა სიყვარული უნდა მეთამაშა, უდიდესი ემოცია მქონდა დაგროვილი, რომელიც ვინმესთვის უნდა მიმეძღვნა. ამიტომ სპექტაკლის დაწყებამდე, ფარდას ვწევდი, ულამაზეს გოგონებს შორის ერთ-ერთს ვირჩევდი და მართლაც მისთვის ვთამაშობდი. სწორედ ასე მაქვს მიძღვნილი 400-მდე სპექტაკლი.

– როგორ შეხვდით თქვენს მეუღლეს?

– ხათუნას შემთხვევით შევხვდი. ფილმის “ჩიორა” გახმოვანებაზე მიმიწვიეს და თავიდან უარი ვთქვი. დრო არ მქონდა და ვიხუმრე, მე მარტო ღამე მცალია-მეთქი. რამდენიმე დღეში გახმოვანება მართლაც ღამე დაინიშნა და სწორედ მაშინ ვნახე ეკრანზე პირველად ჩემი მომავალი მეუღლე. ყველას ძალიან მოეწონა, მე კი პირიქით, ისიც ვთქვი: “არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი გოგოა-მეთქი”. მერე პრემიერაზე შევხვდი ერთმანეთს. სხვანაირად გამოიყურებოდა და ძალიან მომეწონა, თვითონ არც გამოუხედავს ჩემსკენ, უკვე იცოდა რა მქონდა მასზე ნათქვამი. მოგვიანებით, ფილმში ჩემი მეუღლეს როლზე პარტნიორი მჭირდებოდა და ხათუნას მოწვევა შევთავაზე.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა 20 წლის წინ საქართველოდან წახვედით?

– ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რომ დავრჩენილიყავი ძალიან გამიჭირდებოდა ყველა იმ სირთულის გადატანა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა, რადგან ძალიან სენტიმენტალური ვარ ბუნებით. სამაგიეროდ, გერმანიაში მოვახერხე საკუთარი თავის სრულად რეალიზება.

– ექვთიმე თაყაიშვილი – როგორ თვლით, არის ეს თქვენი როლი?

– ყოველთვის ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის და იმ როლების მიმართ, რომლებსაც მთავაზობენ. თუმცა, ამ შემთხვევაში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი პერსონაჟია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ როლს შესრულება მხვდა წილად.

ნიკოლოზ ხომასურიძე

– ნიკოლოზ, როგორ მიმდინარეობს ფილმზე მუშაობა და რა არის ფილმის მთავარი თემა?

– ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ფილმით დაინტერესდით. ეს უნიკალური პროექტია, რომელშიც რამდენიმე ისტორიული პერსონაჟის გაცოცხლებას ვაპირებთ. პირველ რიგში ეს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ისტორია იქნება, რადგან ვთვლი, რომ ის მსოფლიო მასშტაბის პიროვნება იყო და ძალიან გაგვიმართლა ქართველებს, რომ ასეთი ადამიანით შეგვიძლია ვიამაყოთ. 9 წლის ვიყავი, როცა რეზო თაბუკაშვილის ფილმი ვნახე და ყოველთვის ძალიან მინდოდა რაიმე განსაკუთრებული გამეკეთებინა, ჩემი წილი ვალი დამებრუნებინა ამ უდიდესი ადამიანისთვის. 2011 წელს როგორც იქნა ფილმზე მუშაობა დავიწყეთ, ჯერ ინფორმაცია შევაგროვეთ, მერე გადაღებებიც დაიწყო. პირველმა ეტაპმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, გადაღებები ახლაც გრძელდება, პარალელურად კი, ფილმის მონტაჟზე ვმუშაობთ.

– ვიცით, რომ ფილმის გადაღებებს ბევრი სირთულე ახლავს თან, როგორ შეუძლიათ ქართული კინოს მოყვარულებს რომ დაგეხმარონ?

– რამდენიმე დღეში ჩვენი საიტი გააქტიურდება და ნებისმიერი მსურველი შეძლებს დეტალური ინფორმაციის მიღებას.

– რა მდგომარეობაა დაფინანსების კუთხით?

– არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება და ყველაფერს საკუთარი სახსრებით ვაკეთებთ. სწორედ ამიტომ ხდება ფილმის ეტაპობრივი გადაღება. თუ ხალხის მხარდაჭერა გვექნება გადაღების პროცესი უფრო სწრაფად წავა, თუ არადა თებერვლის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში დავასრულებთ მუშაობას. ძალიან მინდა, ფილმის პრემიერა კანის ფესტივალზე შედგეს.

ლაშა კანკავა

– ლაშა, თქვენ სცენარისტიც ხართ და ფილმში გალაქტიონ ტაბიძის როლს ასრულებთ. რა არის ფილმის მთავარი მესიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს მაყურებლამდე?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ ფილმის კეთება. ჩემთვის ეს პროექტი და ზოგადად ექვთიმე თაყაიშვილი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანის სიმბოლოა, მისი ისტორია ყველამ იცის, მაგრამ დეტალები უმრავლესობისთვის ჯერ ისევ უცნობია და სწორედ ეს დეტალები გვინდა გავაცნოთ მაყურებელს.

აუდიო ჩანაწერი

 

IMG_4783

IMG_4838

IMG_4826

IMG_4823

IMG_4801

IMG_4791

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები