გიორგი სუხიტაშვილის შემოქმედებითი სიახლეები და სიმღერების პრემიერა „არტ-FM“–ში

გიორგი სუხიტაშვილის შემოქმედებითი სიახლეები და სიმღერების პრემიერა „არტ-FM“–ში

გადაცემის ლაივი LIVE

23 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“, მუსიკოსი გიორგი სუხიტაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სამი ახალი სიმღერა „მიმღერე რამე“, „ტრიალებს“ და „მთვარეო“ წარმოადგინა.

– გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ უკვე პოპულარული კომპოზიციების ახალი ვერსიის ჩაწერა?

– სიმღერები ჩემი ახალი პროექტიდანაა, რომელიც ქართულ კინომუსიკას მივუძღვენი. მართალია, იდეა ნაკლებად ორიგინალურია, რადგან მანამდეც ბევრმა მიმართა ქართული ფილმების არაჩვეულებრივ მუსიკას, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე ჩემეული ვერსიის გაკეთება ბენდთან ერთად. რა თქმა უნდა, ილუზია არ მაქვს, რომ ჩვენი ნამუშევარი ყველას მოეწონება, თუმცა, მე მაინც ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რაც შეიძლება ფართო პუბლიკას გავაცნო უდიდესი ქართველი კომპოზიტორების ბრწყინვალე კომპოზიციების საკუთარი ვერსია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „საზოგადოებრივ მაუწყებლს“ და „რუსთავი 2“-ს, რომელთა მხარდაჭერით სამივე სიმღერაზე გავაკეთეთ ვიდეო, გადაცემაში „პროფილი“ კი, უკვე შედგა პრეზენტაცია ცოცხალი შესრულებით. აუცილებლად ავღნიშნავ, რომ ჩვენ არასდროს ვმუშაობთ პაუზებით და ყოველთვის ერთიანად ვწერთ ნებისმიერ სიმღერას, შესაძლოა ზოგჯერ ხარვეზიც გაგვეპაროს, თუმცა მაინც ცოცხალი ჩანაწერი გვირჩევნია.

– რამდენადაც ვიცი, სულ მალე ახალ კლიპზე დაასრულებთ მუშაობას,

– სიმღერის „აჩრდილივით სულ თან დაგსდევ“ კლიპზე მუშაობას რამდენიმე დღეში დავასრულებთ. შავ-თეთრ ვიდეოს, რომელსაც აბსოლუტურად უსასყიდლო იღებს ჩემი მეგობარი გვანცა მეფარიშვილი, მხოლოდ ორი პერსონაჟი ჰყავს. თვითონ მეორეხარისხოვან როლს ვასრულებ, რადგან ძალიან არ მიყვარს ზედმეტად გამოჩენა. მეტიც, 2010 წელს გამოსული ალბომის „მისმინე მე“ გარეკანზეც მხოლოდ ჩემი სილუეტია, რადგან აქცენტის გაკეთება ყოველთვის მუსიკაზე მირჩევნია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, ემოციური ვიდეო გამოვა და მაყურებელსაც მოეწონება.

– ახალი სიმღერებიდან რომელი მიუძღვენით საყვარელ ადამიანს?

– სიმართლე ვთქვა, არასდროს ვმუშაობ კონკრეტული ადამიანისთვის, რადგან ყველა სიმღერას ჩემს მსმენელს ვუძღვნი. ამჯერად მთელი ყურადღება მუსიკაზე გადავიტანე, რადგან გარკვეულწილად შეზღუდული ვიყავი. მინდოდა ძველი და ყველასთვის საყვარელი სიმღერები ისე შემესრულებინა, რომ პირველწყარო არ დამეზიანებინა, მით უფრო, რომ ქართველი მსმენელი ყოველთვის ძალიან კრიტიკულია.

– ბევრი მუსიკოსი უფრთხის ქართულ პუბლიკას. მართლა ასეთი მომთხოვნია მსმნელი?

– ვფიქრობ, პუბლიკა მომთხოვნი უნდა იყოს და ჯანსაღი კრიტიკაც ყოველთვის საჭიროა.

– თქვენთვის ვისი აზრია მისაღები და თვითონ ვის რჩევას ითვალისწინებთ?

– ნებისმიერის კრიტიკა მისაღებია, თუ შეფასება დასაბუთებული და არგუმენტირებულია. სხვათაშორის, აბსოლუტურად უცხო ადამიანისგანაც მიმიღია შენიშვნა, კარგად დავფიქრდი, გავიზიარე და საკუთარი შეცდომაც ვაღიარე, ჩემს სიმღერებს კი, პირველ რიგში მამას ვასმენინებ, რომელიც საკმაოდ კარგი და რაც მთვარია, ობიექტური შემფასებელია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

24 ოქტომბერი, 2018

სხვა ჩანაწერები