LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იონას ვაიტკუსი: ქართველი მსახიობები ძალიან ტემეპერამენტიანები არიან

13

27 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM” იონას ვაიტკუსი და ნინა წითლანაძე, მარიამ ბიბილური და ჯასთინ მეთიუსი სტუმრობდნენ.

* * *

გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები ვილნიუსის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი იონას ვაიტკუსი და გრიბოედოვის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინა წითლანაძე იყვნენ.

იონას ვაიტკუსი

– ბატონო იონას, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ისევ თბილისში ხართ, საინტერესოა, რატომ არ ჩამოდიოდით აქამდე თქვენი სპექტაკლებით?

– არ ვიცი, ეს ჩემი ბრალი არაა. თუ მომიწვევენ, რა თქმა უნდა ჩამოვალ, მითუმეტეს რომ ძალიან ბევრი გვაქვს საჩვენებელი. ხშირი გასტროლები გვქონდა ბალტიის სახლში, იქ ვდგამდით სპექტაკლებს, ყირიმის კონფლიქტის შემდეგ კი, უარი ვთქვი იქ გამგზავრებაზე. საერთოდ, ჩვენი ურთიერთობები საგრძნობლად გაფუჭდა როგორც რუსეთთან, ისე ყველა პოსტსაბჭოტა რესპუბლიკასთან. თუმცა, მალე მინსკში ვაპირებთ გასტროლებით გამგზავრებას, მერე ტალინსა და ფსკოვში, ასე რომ თანამშრომლობა ერთგავარი აღდგენის პროცესშია.

– ძალიან დიდი ხნის წინ, თქვენ ”ოქროს საწმისის” პრემია მიიღეთ, რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ჩემთვის. მე თვითონ არ ჩამოვსულვარ თბილისში, რადგან მოწვეული არ ვიყავი. მხოლოდ ჩემი ფილმი ”დონ ჟუანი” ჩამოიტანეს, რომელიც მუსიკალური ფილმების კატეგორიაში დაჯილდოვდა. ფილმში ლიტვის ორკესტრი მონაწილეობდა, სოლისტები კი, მთელი საბჭოთა კავშირიდან შევკრიბე, ერთ-ერთი როლს ქართველი მსახიობიც ასრულებდა, სამწუხაროდ მისი გვარი არ მახსოვს.

– რომელ ამპლუაში გრძნობთ თავზე ყველაზე კარგად, თეატრის რეჟისორობა უფრო მოგწონთ თუ კინოში მუშაობა?

– მე არ ვარ ჩვეულებრივი კინორეჟისორი. დავდგი მუსიკალური ფილმები ”დონ ჟუანი”, ”შაშვი – მწვანე ბარტყი”, ასევე ფილმი ”გამოღვძება” – ლიტველთა წინააღმდეგობის მოძრაობაზე. მე უფრო პოეტური ფილმები მაქვს, რომელთა ძირითადი ენა მუსიკაა. ოპერებიც ბევრი დავდგი, მათ შორის ”სალომეა”, ”ნაბუქო” და ”ჟანა დ’არკი”.  ასე რომ, ორივე ამპლუაში კარგად ვგრძნობ თავს.

– ბატონო იონას, 30-მდე პრემიის მფლობელი ბრძანდებით, რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგადად რას ნიშნავს თქვენთვის ჯილდო?

– დაჯილდოვება ერთგვარი ცირკია, ჯილდო კი – შაქრის პატარა ნატეხი. ჯილდოს მიღების შემდეგ სუსტი ადამიანი უცებ იბნევა და საკუთარ თავზეც ზედმეტად დიდ წარმოდგენა ექმნება. არასდროს მიყვარდა და ყოველთვის ძალიან მრცხვენოდა ჯილდოების. ყველაზე დიდი სიხარული მაყურებლის სიყვარულია, როცა იცი, რომ მათაც ჭირდები, საკუთარ თეატრსაც და მსახიობებსაც. ”ოქროს საწმისი” კი, გამორჩეული პრემიაა, რადგან ის არ იყო მატერიალური და არაფერს არ გავალდებულებდა.

– თქვენი საყვარელი ქართველი რეჟისორი ან მსახიობი, ვისაც სიამოვნებით მიიწვევდით თქვენს ფილმში ან სპექტაკლში?

– ქართველი მსახიობები ძალიან ტემეპერამენტიანები არიან. რთულია აჰყვე მათ ტემპს, მაგრამ მე ძალიან მომწონს მუშაობის ამგვარი სტილი. რეპეტიციაზეც ძალიან კარგია, რადგან მსახიობებს არ აქვთ მოდუნების საშუალება და ყოველთვის აქტიურად მუშაობენ. დიდი ხნის წინ მიხეილ თუმანიშვილთან ვმეგობრობდი, როცა ის ვილნიუსში ჩამოდიოდა, ქართველი მსახიობების თამაში კი, ბევრჯერ მინახავს და როგორც უკვე ვთქვი, ძალიან მომწონს მათი ემოციური და ტემპერამენტული თამაში.

– რაზე მუშაობთ ახლა? რომელი სპექტაკლისთვის ემზადება თეატრი?

– თეატრი ძალიან აქტიურად მუშაობს. ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერა წარმოვადგინეთ, მათ შორის ”ევგენი ონეგინი” და ”მეფე ლირი”. ახლა სპარსელი პოეტის გიანჯევ ნიზამის პოემაზე ”შვიდი ლამაზმანი” ვმუშაობ, რომლის პრემიერაც ნოემბრის დასაწყისში შედგება. საერთო ჯამში თეატრის რეპერტუარში წელიწადში 6-7 პრემიერა და საბავშვო სპექტაკლების ჩათვლით 35-მდე სპექტაკლია.

ნინა წითლანაძე –

– ქალბატონო ნინა, ამ დღებში გრიბოედოვის თეატრი 170 წლის იუბილეს აღნიშნავს, ღონისძიებები მართლაც გრანდიოზულია, როგორი იყო იუბილესთვის მზადება?

– ერთი წელია ვემზადებით და როგორც იქნა დადგა ეს დღე. ოფიციალური პროგრამა უკვე დაიწყო, ეწყობა პრეს-კონფერენციები, სადაც თანამედროვე თეატრის აქტუალურ თემებზე ვსაუბრობთ. ძალიან ბევრი და საინტერესო სტუმარი გყავს მოწვეული, კოლეგებს 20-მდე ქვეყნიდან ველოდებით. ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი დავპატიჟეთ, სადაც რუსული თეატრი ფუნქციონირებს. განსაკუთრებულ სტუმრებს შორის ოლეგ ბასილაშვილი, ვასილ ლანავოი და ირინა მურავიოვა არიან. გარდა ამისა, გაიხსნა თეატრის მუზეუმი, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა თეატრის ისტორიაში, რადგან ეს პირველი ღია მუზეუმია საქართველოში – თეატრის ოთხივე სართულის კიბეზე და ფოიეში 2000-მდე ექსპონატია გამოფენილი და ამიერიდან გრიბოედოვის თეატრის ნებისმიერ სტუმარს შეუძლია ნახოს ჩვენი გამოფენა.

* * *

”არტ-FM” მეორე ნაწილს მომღერალი მარიამ ბაბლუანი და გიტარისტი ჯასთინ მეთიუსი სტუმრობდნენ.

– ჯასთინ, როგორ შეხვდით მარიამს და როგორია თქვენი ერთობლივი მუშაობა?

– ერთმანეთი ხუთი წლის წინ გავიცანით, როცა ნიუ-იორკში ჩავედი და პირველ ბენდში გავერთიანდით. კარგად გავუგეთ ერთმანეთს და რამდენიმე კომპოზიციაც შევქმენით. მერე ქართულ რესტორანში ”ოდა-ჰაუზში” მიგვიწვიეს, სადაც სამი საათის შევსება ქართული სიმღერებით შემოგვთავაზეს. ჩვენი ბენდი მანამდე მხოლოდ ინგლისურად მღეროდა, ამიტომ ძალიან სწრაფად მოგვიხდა ქართული ფოლკლორული სიმღერების შესწავლა, რაც მართალია თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ ახლა ყველა სიმღერას თავისი ადგილი აქვს ჩემს გულში.

– მარიამ, რომელი სიმღერა ისწავლეთ პირველად?

– პირველი სიმღერა ”ყვავილების ქვეყანა” იყო.

– მარიამ, მართალია ამერიკაში ცხოვრობთ თქვენს ყველა კომპოზიციაში მაინც იგრძნობა ქართული მუსიკის გავლენა. როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?

– დედა მუსიკის მასწავლებელი იყო და სახლში სულ მუსიკა იყო ჩართული. ბაბუა კი, სუხიშვილების ანსამბლში მუშაობდა მუსიკოსად. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი მის რეპეტიციებზე, პიანინოზე დაკვრაც სწორედ მან მასწავლა. ამერიკაში ძალიან შემიყვარდა სოულ-მუსიკა, რომელიც გულიდან მოდის და სულის მუსიკად ითვლება. ვთვლი, რომ ქართული ფოლკლორიც, რომელიც მთიდან მოდის ძალიან ჰგავს სოულს, ამიტომ ჩემში ძალიან ბუნებრივად შეერწყა ერთმანეთს ის, რაზეც გავიზარდე და ის, რაც მოგვაინებით შევიყვარე.

– როგორ დაიწერა სიმღერა ”ნანინა”?

– ”ნანინას” მელოდია ”იავნანისგან” ავიღე  და თავიდან სულ სხვანაირი იყო, განსხვავებული მისამღერი ჰქონდა. მოგვიანებით კი, რეგის სტილში გადაკეთდა. მეორე სიმღერაზე ”gates” მუშაობისას გრძნობითაც და ფიქრებითაც საქართველოში ვიყავი, ამიტომ სიმღერაში ძალიან ბევრია ნათქვამი ჩვენს ქვეყანაზე.

– სამომავლოდ თუ გეგმავ საქართველოში სამუდამოდ ჩამოსვლას?

– დიდი ხანია ვემზადებოდი ჩამოსასვლელად, თუმცა მინდოდა ჯერ ალბომი დამესრულებინა და სწორედ ეს ნამუშევარი ჩამომეტანა. გეგმაში მაქვს დიდი ხნით ჩამოსვლა, რადგან ძალიან მინდა ქართული ფოლკლორის კარგად შესწავლა.

აუდიო ჩანაწერი

 

IMG_6821 IMG_6824 IMG_6837 IMG_6838

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები