LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა სუბლატი: მომწონს, რასაც ვაკეთებ და კომერცია ნაკლებად მაინტერესებს

10

თათა სადრაძის საავტორო გადაცემას, ”არტ-FM “, რადიო “ფორტუნას” ეთერში ნინა სუბლატი სტუმრობდა.

ნინა სუბლატი

51-ე სკოლის  დაამთავრების შემდეგ, ნინამ ჯერ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე, შემდეგ კი, კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა მუსიკის ტექნოლოგიების სპეციალობით. 2010-2012 წლებში ნინა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად მართავდა კონცერტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 2011 წელს კი, თანამშრომლობა დაიწყო ”Georgian Dream Studio”-სთან, სადაც მომღერალ ბერასთან და უცხოეთიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებთან და ქორეოგრაფებთან მუშაობდა. ფართო საზოგადოების წინაშე ნინა სუბლატი პირველად 2013 წელს წარსდგა მუსიკალური პროექტით ”საქართველოს ვარსკვლავი” და გამარჯვებაც მოიპოვა. გამოუშვა ალბომი ”Dare To Be Nina Sublatti”, რომელშიც პოპულარული სიმღერების ქავერ-ვერსიები და თავად მუსიკოსის ხუთი სიმღერა შევიდა. პირველი სოლო ალბომის გამოშვების შემდეგ, ნინამ საკუთარი სტუდია შექმნა და მეორე ალბომზე დაიწყო მუშაობა. 2015  წელს კი, სიმღერით ”Warrior”  საქართველო წარადგინა ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე.

– ნინა, ძალიან ბევრი ნამუშევარი გაქვთ და ყოველთვის ახერხებთ, შესთავაზოთ მსმენელს ის, რასაც სხვა არ აკეთებს. როგორ დაიბადა ბოლო კლიპის შექმნის იდეა და რამდენად რთული იყო მასზე მუშაობა?

– ისეთი კლიპის გაკეთება გვინდოდა, როგორიც მანამდე არ გვქონდა. ვერსიების გაზიარების დროს, გაჩნდა ვიდეოს მთლიანად წყალში გადაღების იდეა. თავიდან ცოტა წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუმცა, მაინც შევიკრიბეთ, მთელი კვირა აუზში გავატარეთ და კლიპიც გავაკეთეთ. ჩემი აზრით საინტერესო ნამუშაევარი გამოვიდა, ძალიან დრამატულია და სიმღერასაც უხდება.

ევროვიზიის შემდეგ საზღვარგარეთიდან თუ გაქვთ მიმწვევები?

– მიწვევები არის, მაგრამ განსაკუთრებული არაფერია. თუმცა მსმენელი საზღვარგარეთაც საკმაოდ ბევრი მყავს.

– ”საქართველოს ვარსკვლავის” შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი კარიერა და რამდენად კმაყოფილი ხართ თვითონ?

– ვფიქრობ, საკმაოდ კარგად წარიმართა. იშვიათია, კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მუსიკოსს ჩავარდნა არ ჰქონდეს, მე კი, ალბომიც ჩავწერე, საკმაოდ აქტიურიც ვიყავი და ორ წელიწადში იმის გაკეთება მოვახერხე, რაზეც ბევრი 10 წელიწადს ხარჯავს.

– ადრე ხშირად წერდით კრიტიკულ სტატუსებს შოუ-ბიზნესზე. ბოლო დროს, თავს იკავებთ, რატომ, შეიცვალა რაიმე?

– არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ ერთიდაიგივეს წერა მომბეზრდა. თავიდან მეც ენთუზიაზმით ვიყავი და რაღაცეების შეცვლა მინდოდა, თუმცა მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა.

– ნინა, რამდენად რთულია, როცა ოჯახში ორი ხელოვანია?

– რთული არაა, პირიქით ძალიან კარგია. ორივე მუსიკაზე ვართ ორიენტირებული, ბევრს ვმუშაობთ და ძალიან გაგვიჭირდებოდა სხვა პროფესიის ადამიანებთან ურთიერთობა.

– თქვენი აზრით, რამდენად სწორად ხდება კონცერტების ორგანიზება საქართველოში. ხომ ვერ გაიხსენებთ ყველაზე კარგად და ყველაზე ცუდად ორგანიზებულ კონცერტს?

– ”ბრავოს” მიერ ორგანიზებული კონცერტი შემიძლია გავიხსენო, რომელიც ვლადიმირ კოსმას შემოქმედებას მიეძღვნა და იდეალურად იყო ორგანიზებული. ყველაზე ცუდი – რამდენიმე წლის წინ თავისუფლების მოედანზე გამართული საახალწლო კონცერტი იყო, სადაც ძალიან ბევრი დრო დავკარგე და ძალიან შემცივდა.

– ნინა, შენი აზრით როგორია ქართველი მსმენელი?

– სხვადასხვანაირი. პრინციპში, ჟანრს, რომელშიც მე ვმუშაობ არასდროს ჰყოლია ბევრი მსმენელი, მათ შორის არც საქართველოში.

– არ გიფიქრია მიმართულების შეცვლაზე, რათა უფრო კომერციული  გაგეხადა საკუთარი შემოქმედება?

– არა, რადგან ყველაზე ნაკლებად გაყიდვებზე ვფიქრობ. ძალიან მომწონს რასაც ვაკეთებ, სიამოვნებას მანიჭებს და კომერცია ნაკლებად მაინტერესებს. თუ შევცვლი რამეს, ეს მხოლოდ ბუნებრივად მოხდება.

– პირადად თუ მიგიმართავს პროდიუსერებისთვის, თუ შეგითავაზებია მათთვის საკუთარი სიმღერები?

– არა, თუმცა სამომავლოდ არაფერია გამორიცხული. თუ პროდიუსერი საინტერესო იქნება, არ ეცდება ჩემს შეცვლას და პირიქით დამეხმარება, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ახალ ალბომზე ვმუშაობ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოვა. დროში არ ვარ შეზღუდული, ამიტომ არ ვჩქარობ. მინდა ალბომში მხოლოდ საუკეთესო სიმღერები მოხვდეს.

გადაცემის ჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები