LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ანანიაშვილი: „პირველი გედის ტიტული უკვე მივიღე, სხვას კი, ჯერ ვერაფერს ვიტყვი”

4

გადაცემის ლაივი LIVE

2 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ქალბატონი ნინო ანანიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საბალეტო სეზონის გახსნასა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელსთაც წელს შესთავაზებს მაყურებელს.

– ქალბატონო ნინო, რა სპექტაკლით გეგმავთ სეზონის გახსნას?

– სეზონი რამდენიმე დღეში გაიხსნება. 5, 6 და 7 ოქტომბერს კი, მაყურებელს „გედების ტბას“ შევთავაზებთ. წარმოდგენაში მთელი დასი მიიღებს მონაწილეობას, ახალგაზრდა მოცეკვავეების და რა თქმა უნდა წამყვანი სოლისტების ნინო სამადაშვილის, ნუცა ჩეკურაშვილის და ეკა სურმავას ჩათვლით. სხვათაშორის, დასში ქართველებთან ერთად უცხოელი – იაპონელი და ამერიკელი მოცეკვავეებიც გვყავს. ვფიქრობ, სპექტაკლი, რომლის ქორეოგრაფიაზე ალექსეი ფადეიჩევმა იმუშავა, ძალიან საინტერესო გამოვა, რადგან სულ ცოტა ხნის წინ განვაახლეთ კოსტუმები და დეკორაციები, პირველი აქტი კი, აბსოლუტურად განსხვავებულად დავდგით. მართლია, წარმოდგენა ბევრს აქვს ნანახი, მაგრამ ჩვენთვის „გედების ტბა“ სწორედ ის სპექტაკლია, რომელიც არასდროს გვბეზრდება. იმედი მაქვს, მაყურებელი ცოტა ხნით მაინც შეძლებს პრობლემების დავიწყებას, გვესტუმრება და ჩვენთან ერთად იმოგზაურობს ჯადოსნურ სამყაროში.

– როგორ შეაჯამებდით გასულ სეზონს?

– სეზონი ფესტივალით დავხურეთ, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში უკვე მეორე გავმართეთ. იმედი მაქვს, ჩვენი ფესტივალი ტრადიციად იქცევა, რადგან მომავალ წელს ისევ ვგეგმავთ მორიგი ღონისძიების მოწყობას. მართალია, წელს თეატრს გასტროლები არ ჰქონდა, მაგრამ პირადად მე იაპონიაში გახლდით, სადაც ვიცეკვე და რამდენიმე მასტერკლასიც ჩავატარე, ინდივიდუალურად იყვნენ მიპატიჟებული ჩვენი დასის წევრებიც. ძალიან მახარებს, რომ ჩვენ მოცეკვავეებს სახელიც აქვთ და შესაბამისი დონეც, რათა საზღვარგარეთ, სხვადასხვა თეატრსა თუ დასში იცეკვონ.

– საინტერესოა, კიდევ რას შესთავაზებთ ბალეტის მოყვარულებს?

– „გედების ტბის“ შემდეგ არაჩვეულებრივ სპექტაკლს „მძინარე მზეთუნახავს“ წარმოვადგენთ, რომელიც კოსტუმებისა და დეკორაციის ნამდვილი ფეიერვერკი იქნება. მართალია, საკმაოდ რთულია ასეთი მასშტაბური, შეიძლება ითქვას მდიდრული წარმოდგენის გაკეთება, ამიტომ ძალიან იშვიათად იდგმება მსოფლიო თეატრებში, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით ზღაპრული ატმოსფეროს შექმნა. სხვათაშორის, სწორედ ამ სპექტაკლით წავრსდგებით მაყურებლის წინაშე ომანში Royal Opera House Muscat-ში. ზოგადად, საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარი და დატვირთული გრაფიკი გვაქვს ნოემბრის თვეში, იანვრისთვის კი, „მაკნატუნას“ ვამზადებთ. ამასთანავე, ვგეგმავთ სპექტაკლის „ციმბირიდან მოსკოვამდე“ განახლებას, მოგვიანებით სკანდინავიაში გავემგზავრებით, სეზონს კი, ისევ ფესტივალით დავხურავთ.

– როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი პირველი ლედის ამპლუაში, კარიერაზე ხომ არ მოგიწევთ უარის თქმა?

– პირველი გედის ტიტული უკვე მივიღე, სხვას კი, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ამასთანავე, ყველაფერს, რასაც ვაკეთებ ჩვენი ქვეყნისთვის, კულტურის საზღვრებს გარეთ გასატანად ვაკეთებ და ვფიქრობ საქმიანობის გაგრძელებას ნებისმიერ შემთვევაში შევძლებ. არ მგონია, პირველი ლედის სტატუსი განსაკუთრებით დამამძიმებელი იყოს, პირიქით, ვფიქრობ, უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცემა კეთილი და ყველასთვის სასარგებლო საქმის გასაკეთებლად.

– ბატონ გრიგოლთან 30-წლიანი ქორწინება გაკავშირებთ. საინტერესოა, ოდესმე თუ გამოუთქვამს პრეტენზია თქვენი საქმიანობის მიმართ?

– პრეტენზია ნამდვილად არასდროს გამოუთქვამს, პირიქით ყოველთვის ხელს მიწყობდა საქმიანობაში და არასდროს მტვირთავდა სხვა ვალდებულებებით. მეტიც, წლების წინ  საკუთარ კარიერაზეც კი თქვა უარი, ჩემი წარმატების სასარგებლოდ. სულ ცოტა ხნის წინ თელავში ვიყავით, მორიგი შეხვედრის შემდეგ ადგილობრივმა მამაკაცმა მომმართა და ჩემი ერთ-ერთი ინტერვიუ შემახსენა, რომელშიც ავღნიშნე, რომ 20 წელი მეუღლემ მომიძღვნა, შემდეგი 20 წლის მიძღვნას კი, მე ვაპირებდი მისთვის და მემგონი ეს დროც დადგა. სხვათაშორის, საკმაოდ რთული იყო გიას ხუთწლიანი მინისტრობის პერიოდი, რადგან მანამდე ყურადღებით განებივრებული, პრაქტიკულად საერთოდ ვეღარ ვნახულობდი, რადგან ბოლომდე იყო ჩართული საკუთარ საქმეებში.

– წინააღმდეგი ხომ არ იქნებით ქალიშვილმაც ბალერინობა რომ მოისურვოს?

– ნამდვილად არ ვიცი, საბოლოოდ რა პროფესიას აირჩევს, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივაწოდოთ მრავალფეროვანი ინფორმაცია და გავამდიდროთ მისი ცოდნა ყველა ფეროში. სხვათაშორის, ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს მუსიკა და არასდროს ეზარება სწორედ ჩვენს გოგონასთან ერთად მოუსმინოს და შეასრულოს სხვადასხვა ჟანრისა თუ სტილის სიმღერა.

– გაქვთ თუ არა განსაკუთრებული ოჯახური ტრადიცია?

– განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. ვფიქრობ, ოჯახური ბედნიერის მთავარი გარანტორი ურთიერთგაგება, სიყვარული და ერთმანეთის მუდმივი მონატრებაა. მართალია, 30 წელია ერთად ვართ, მაგრამ მაინც არასდროს გვბეზრდება ერთად ყოფნა, მით უფრო, რომ გიასთან გვერდით ყოველი დღე სიურპრიზებითაა სავსე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები