LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკში ვლინდება ბავშვებში დეპრესია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

58

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში დეპრესიამ ბავშვებში იმატა. ფსიქოლოგები ბავშვებში დეპრესიის სამ პერიოდს გამოყოფენ. რა იწვევს დეპრესიას ბავშვებში და როგორ უნდა დაეხმაროს მას მშობელი, გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი მეგი ქავთარაძე.

 

რა სიმპტომები ახასიათებს დეპრესიას?

ზოგადად დეპრესიას ახასიათებს კონცენტრაციის, დეტალების დამახსოვრების, გადაწყვეტილების მიღების სირთულეები, უენერგიობა, ასევე დანაშაულის, უიმედობის, უსუსრობის განცდა, პესიმიზმი.  ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორია უძილობა, დილით ადრე გაღვიძება, ან პირიქით გადაჭარბებული ძილიანობა. ხშირად დეპრესიაში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ ინტერესის დაკარგვა საყვარელი ადამიანებისა და აქტივობების მიმართ, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უუნარობა, აღენიშნებათ ცვლილებები მადაში – უმადობა, ან გადაჭარბებული, მომეტებული მადა, მუდმივი ტკივილის განცდა, ან გამუდმებული მწუხარება, შფოთვა, ან „სიცარიელის“ განცდა;

მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ დეპრესია როგორც დაავადება და დეპრესია როგორც სიმპტომი, რომელიც სხვა დაავადებების დროს გვხვდება – შფოთვის, ობსესიურ კომპულსიური აშლილობის, პანიკური აშლილობის, ფობიების, ან კვებითი აშლილობების დროს.

 

რა ასაკში ვლინდება დეპრესია ბავშვებში?

დეპრესია ბავშვებში სხვადასხვა ასაკში შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. ეს პერიოდი შეიძლება დავყოთ 3 ეტაპად.

სკოლამდელი პერიოდი (2-5 წელი)

  • ბრაზი, გაღიზიანება.
  • გადაჭარბებული ტირილი, მოწყენილობა
  • ინტერესის დაკარგვა საყვარელი აქტივობების/სათამაშოების მიმართ
  • ჩივილი ფსიქიკურ სიმპტომებზე – მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი,

დეპრესიის შესაძლო გამომწვევი მიზეზე შეიძლება იყოს:

  • დეპრესიის, ფსიქიკური აშლილობის ისტორია ოჯახში
  • ოჯახური სტრესორები, როგორებიცაა განქორწინება, გარდაცვალება
  • ქრონიკული, ფიზიკური დაავადება

სასკოლო პერიოდი (6-12 წელი) ხასიათდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი და დამატებით:

  • განმარტოების მუდმივი სურვილი (ურჩევნია იყოს მარტო, ვიდრე მეგობრებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად)
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები
  • კვებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • სეპარაციის შფოთვა
  • სკოლაში სიარულის სურვილის არქონა
  • აკადემიური პრობლემები
  • უიმედობის განცდა

დეპრესიის შესაძლო გამომწვევი მიზეზი ამ ასაკში შეიძლება იყოს:

  • ოჯახის, თანატოლების, სოციუმის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა
  • არათანმიმდევრული და არამყარი ზრუნვა
  • ბულინგი
  • სოციალური იზოლაცია/უარყოფა
  • ძლიერი აკადემიური წნეხი
  • სხვა ფსიქიკური დაავადებები

მოზარდობის პერიოდი (13-18 წელი) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი და დამატებით:

  • უიმედობისა და პესიმიზმის განცდა მომავალთან დაკავშირებით
  • ინტერესის არქონა
  • დაბალი თვითშეფასება
  • სახლიდან გაქცევა
  • აზრები თვითმკვლელობაზე

ამ ასაკში დეპრესიის შესაძლო გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და დამატებით:

  • პუბერტატის დასაწყისი
  • კონფლიქტი მშობლებთან

 

რა არის ბავშვებში დეპრესიის გამომწვევი მიზეზი? 

  • დეპრესიით დაავადებული პაციენტების უმრავლესობაში ოჯახური გარემოს ანალიზმა გვიჩვენა, რომ მათ აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ხშირად განიცდიან უარყოფას, ნაკლებად, ან არ გამოხატავენ ემოციებს. მშობლების ემოციური აშლილობები ასევე წარმოადგენს რისკ-ფაქტორს. მშობლებს შორის კონფლიქტი და დედის დეპრესია ასევე ზრდის ბავშვებში და მოზარდებში დეპრესიის ალბათობას.
  • გარდა ამისა, ბავშვებზე მოქმედენს სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები – განქორწინება, გარდაცვალება, ხშირი ცვლილებები. აღნიშნულმა მოვლენებმა შესაძლოა გამოიწვიოს მიჯაჭვულობასთან დაკავშირებული პრობლემები, ემოციური და ქცევითი თვითრეგულაციის სირთულეები, კოგნიტური ფუნქციონირების სირთულეები
  • ასევე საყურადღებოა ბიოლოგიური ფაქტორი – სეროტონინის დისრეგულაცია წარმოადგენს მაღალ რისკ-ფაქტორს.

 

7 რჩევა მეგი ქავთარაძისგან:

 

  1. კლინიკური დეპრესია დაავადებაა. ამ ფაქტის აღიარება დაგეხმარებათ არ დაიდანაშაულოთ საკუთარი თავი, ან ბავშვი.
  2. ხშირად ესაუბრეთ ბავშვს განცდებზე. დაინტერესდით მისი ემოციური ცხოვრებით. დაეხმარეთ და ასწავლეთ, თუ როგორ ისაუბროს ემოციებზე.
  3. აგრძნობინეთ, რომ თქვენ, როგორც მშობელს, შეგიძლიათ გაიგოთ და მიიღოთ მისი დეპრესიული განცდები. ბავშვები ხშირად მალავენ ისეთ განცდებს, რომლებიც უფროსებს „არ მოეწონებათ“, ამიტომ მნიშვნელოვანია იყოთ გახსნილი და მზა იმისათვის, რომ მიიღოთ მისი დეპრესიული განწყობა.
  4. თუ ბავშვის ცხოვრებაში დანაკარგს ჰქონდა ადგილი, მიეცით საშუალება, რომ გამოიგლოვოს, იტიროს, გაბრაზდეს, იყვიროს. ეს ბუნებრივი და ნორმალური რეაქციაა დანაკარგზე. გლოვა აუცილებელია, რომ ბავშვი დანაკარგს შეეგუოს და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს, ამიტომ, როდესაც ტირის, ან ბრაზობს, არ უთხრათ – „ნუ ტირი“, ან „რა არის აქ სატირალი“, მიეცით საშუალება რომ გამოიგლოვოს.
  5. თუ დეპრესიას თვითმკვლელობის შესახებ აზრები ახლავს, იყავით ძალიან ფრთხილად და აუცილებლად დაუკავშირდით სპეციალისტს, გაიარეთ კონსულტაცია და მიმართეთ ფსიქოთერაპიას.
  6. ხელი შეუწყეთ თქვენი შვილის სოციალიზაციას. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტი მნიშვნელოვანია დეპრესიის დასაძლევად.
  7. დაეხმარეთ ბავშვს ჩაერთოს ფსიქოთერაპიაში. თერაპია დაეხმარება მას დეპრესიის დაძლევაში.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები