LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს სიჯიუტეს ბავშვებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

36

ყველა ბავშვის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა ის ჯიუტად ცდილობს უფროსების წინააღმდეგობის მიუხედავად საკუთარი სურვილების შესრულებას. ამით ის, შესაძლოა, პიროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მოქმედების მოთხოვნილებაზე მიგვანიშნებდეს. ეს პერიოდი, შემთხვევათა უმეტესობაში, რთულად აღიქმება მშობლების მიერ. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი თსუ-ს ლექტორი, ფსიქოლოგი თეონა ნუცუბიძეა.

 

რა მიზეზით შეიძლება ჯიუტობდეს ბავშვი?

 

ფსიქოლოგი ამბობს, რომ სიჯიუტე ასაკობრივი გამოვლინებააყველა ასაკს თავისი გამოწვევა აქვს. ბავშვის ცხოვრებაში „კრიზისი“ დაახლოებით ერთი, სამი და შვიდი წლის ასაკში ჩნდება და თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა სახით იჩენს თავს.

ერთი წლის ასაკის კრიზისის დროს პატარას ძირითადი სიტყვა არის “არა”. ბავშვი ამ სიტყვით პასუხობს თითქმის ყოველთვის მაშინ, როცა არ ანებებენ ცოცვას, სიარულს, აღებას, ანუ იმას, რაც მისი შესაძლებლობების ფარგლებშია და რომელთა განხორციელებასაც ცდილობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აღნიშნული ქმედებების სანაცვლოდ არაფერს სთავაზობენ.

სამი წლის ასაკს “სიჯიუტის ხანასაც” უწოდებენ. ბავშვი, საკუთარი, ახლად აღმოცენებული შესაძლებლობების გამოყენებით, ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს მშობლებზე და იმოქმედოს საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად. ამ პერიოდში, ახლად წარმოქმნილი მე-კონცეფცია და ინიციატივის გრძნობა ხელს უწყობს დამოუკიდებლად კეთების სურვილის გაძლიერებას.

შემდგომმა ასაკობრივმა კრიზისმა შესაძლოა თავი 7 წლის ასაკში იჩინოს. ამ პერიოდში, ბავშვი ცდილობს, თავი დააღწიოს უფროსების კონტროლს და საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა თავად აიღოს, შესაბამისად, მშობლების მოთხოვნებისა ან შესწორებების საპასუხოდ, ხშირად ავლენენ უკმაყოფილებასა ან/ და სიჯიუტეს.

რა აძლიერებს ბავშვის სიჯიუტეს?

ოჯახში მეორე ბავშვის არსებობა ხშირად აძლიერებს ბავშვის სიჯიუტეს. ამის წინაპირობა კი შესაძლოა აღმზრდელების მიერ ახალშობილის მიმართ უფრო მეტი ყურადღება, უფრო თბილი და მზრუნველობითი დამოკიდებულება იყოს. ამ დროს უფროსი ბავშვის მიმართ შემცირებული ყურადღება და მის მიერ იმის აღქმა, რომ მისი და/ძმა „უფრო კარგი” და ”უფრო საყვარელია” მისი მშობლებისათვის, შესაძლოა ბავშვის მიერ სიჯიუტის გამოვლინებებს იწვევდეს. ასეთ ვითარებაში, მშობლები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვსა და მასთან ურთიერთობას, რადგან ბავშვის მიმართ ასეთ დროს გამოვლენილმა სიმკაცრემ, შესაძლოა მხოლოდ განამტკიცოს მისი შეხედულება იმის შესახებ, რომ ის „არ უყვართ“, რომ ის „არ არის საყვარელი შვილი“ მშობლებისათვის.

 

„სიჯიუტეს ხელს უწყობს ასევე უფროსების მიერ, ბავშვის  მოთხოვნილებებისა და სურვილების უგულებელყოფა. ზოგჯერ ბავშვი ჯიუტობს არა იმის გამო, რომ ასეთი ქცევა მოწონს, არამედ იმიტომ, რომ ის კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვდა და არ შეუძლია ან არ იცის, თუ როგორ გაუმკლავდეს ამ მდგომარეობას. ასეთ დროს, მის მიერ გამოვლენილი ნეგატიური ქცევა და სიჯიუტე, შესაძლოა, პრობლემის გადაწყვეტის გზების გაუცნობიერებელ ძიებას ემსახურებოდეს. უთანხმოებასა და სიჯიუტის „აფეთქებებს,“ უმეტეს შემთხვევაში, წინ უსწრებს სხვების მიერ ბავშვის ნებისყოფ, სურვილების, მოთხოვნილებებისა თუ შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა და მათთვის საწინააღმდეგო მოთხოვნების წამოყენება“, –  ამბობს ფსიქოლოგი.

 

 როგორ შეიძლება, გავუმკლავდეთ ან თავიდან ავირიდოთ სიჯიუტე და მასთან დაკავშირებული სირთულეები?

სიჯიუტე არ არის ხასიათის თანდაყოლილი თვისება. შესაბამისად, შესაძლებელია მისი პრევენცია ან კორექცია. არ არის ადვილი, მაგრამ, შესაბამისი რეაგირებითა და მეტი წილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით, საკუთარი ქცევების, ვერბალურისა თუ არავერბალურის კონტროლით, ბავშვისთვის იარლიყის „ჯიუტი“ მინიჭებისგან თავის შეკავებითა და მათ საჭიროებებისა და მოთხოვნილებების მიმართ სენზიტიური დამოკიდებულებით, მშობლებს შეუძლიათ შეამცირონ ან თავიდან აირიდონ ბავშვის სიჯიუტე და მასთან დაკავშირებული ფსიქ-სოციო-ემოციური გართულებები.

 

7 რჩევა თეონა ნუცუბიძისგან:

1. მიიღეთ ბავშვი უპირობოდ! მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიქცევა ბავშვი, მან უნდა იცოდეს, რომ ის მიღებული და დაფასებულია მშობლების მიერ, რომ ის მშობლებისთვის საყვარელი ბავშვია. „ცუდი ბიჭი/ გოგო ხარ“, „არ მიყვარხარ, რადგან ცუდად მოიქეცი“ და სხვა მსგავსი ფრაზების ნაცვლად, გამოიყენთ ფრაზები: „ცუდად მოიქეცი“, „მიყვარხარ უპირობოდ“ და სხვ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლის მისდამი ემოციურ დამოკიდებულებას არ ცვლის მისი ქცევა, მისადმი სიყვარულს არ ასუსტებს მეორე შვილის სიყვარული ან სხვა ნებისმიერი პირობა თუ ფაქტორი.

2. შეიმუშევეთ დღის რეჟიმი – კვების, ძილის, გასეირნების, თამაშის, შემეცნებითი აქტივობების დრო და თანმიმდევრობა.  ბავშვთან ერთად ჩამოაყალიბეთ ქცევის წესები და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოთ მათ. დღის რეჟიმი და რუტინა ბავშვისთვის გარკვეულწილად პროგნოზირებადს ხდის გარემოს, რაც ამცირებს მის შფოთვას, წინააღმდეგობის გაწევისა და სიჯიუტის გამოვლენის სურვილს. წესების შემუშავების პროცესში ბავშვის ჩართულობა „შეთანხმების“ სრულფასოვან წევრად აგრძნობინებს მას თავს და ზრდის მისი მხრიდან წესების დაცვის და ამცირებს გაჯიუტების ალბათობას.

3. მიეცით ბავშვს მისი შესაძლებლობების შესაბამისი დამოუკიდებლობის გამოვლენის საშუალება. როგორც ზედმეტი, ისე არასაკმარისი თავისუფლება მავნებელია ბავშვის განვითარებისათვის და ორივე მათგანს შეუძლია ბავშვის ჭირვეულობის, სიჯიუტის, მანიპულაციური ქცევების გამოვლინებას შეუწყოს ხელი. სანამ ბავშვს მზა გადაწყვეტილებას გააცნობდეთ, შექმენით ბავშვისთვის უსაფრთხო „ჩარჩო“ და ამ ჩარჩოს ფარგლებში, ჰკითხეთ მას, თუ რომელი აქტივობის განხორციელება ურჩევნია. აღნიშნული არა მხოლოდ ბავშვის სიჯიუტეს აგვარიდებს თავიდან, არამედ ბავშვსაც შემატებს საკუთარი უნარების რწმენას და მისცემს მომავალში დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას.

4. ვიდრე შვილს ჯიუტი ბავშვის „დიაგნოზს“ დაუსვამთ, მანამ დააკვირდით საკუთარ ქცევას. ეცადეთ გააანალიზოთ, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ იგი. დაფიქრდით, შვილს თავად ხომ არ აძლევთ სიჯიუტის მაგალითს. ხშირად, სწორედ ჯიუტ მშობლებს ჰყავთ ჯიუტი შვილები. ბავშვის სიჯიუტის დაძლევის ნებისმიერი მცდელობა დროის ტყუილად კარგვაა, თუ თავად გაქვთ მუდამ წინააღმდეგობრივი, ოპოზიციური გამოხატულება, თუ, ნებისმიერი რაციონალური მიზეზის გარეშე, ხშირია თქვენ ლექსიკონში სიტყვა „არა“, გახსოვდეთ, რომ ბავშვები ყველაზე უკეთ მიბაძვით დაისწავლიან.

5. რიგ შემთხვევებში, დაუთმეთ ბავშვს. ეს სულაც არ არის საკუთარი სისუსტის გამოვლინება. პირიქით, პატარა ამით სხვაგვარი, სიჯიუტისგან განსხვავებული ქცევის მაგალითს იღებს. თუ ქცევა არ არის ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, არ შეეხება დღიურ რუტინასა და არ მოითხოვს უკევე შეთანხმებული წესებისგან გადახვევას, სასურველია, დათმობაზე წახვიდეთ ხოლმე საკუთარ შვილებთან.

6. გამოიყენეთ „მე-გამონათქვამები“. ეცადეთ, ისაუბროთ არა იმაზე, თუ რა დააშავა ბავშვმა და როგორი უარყოფითია იგი, არამედ ისაუბრეთ საკუთარ გრძნობებზე, ემოციებზე, ანუ იმაზე, თუ ბავშვის ჯიუტი საქციელი რა უარყოფით განცდებს იწვევს თქვენში, რა ტკივილი მოგაყენათ ამ საქციელმა თქვენ. ასეთი გამონათქვამები, ბავშვებში ზრდის შემწყნარებლობასა და მსგავსი ქცევის შემდგომში შემცირების ალბათობას.

7. მოარიდეთ ბავშვი სიჯიუტის გამომწვევ სიტუაციებს. ჯიუტი ბავშვის მშობლებს, მზრუნველებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბავშვის აღზრდის საქმეშია ჩართული, შეუძლია გამჭრიახობა გამოიჩინოს ბავშვთან მიმართებაში. მაგალითად, იმ შეკითხვებს, რომელთა დასმასაც ბავშვისთვის აპირებთ, გაუკეთეთ ისეთი ფორმულირება, რომ მათზე უარყოფითი პასუხი გამოირიცხოს (ან მინიმუმამდე იყოს დაყვანილი); ნუ დასვამთ შეკითხვას, რომელზეც მხოლოდ ერთი პასუხის გაცემაა შესაძლებელი. არ ჰკითხოთ, მაგალითად, სურს თუ არა დაძინება. უმეტესწილად, მსგავს შეკითხვაზე ბავშვის პასუხი არის “არა”. მიუხედავად ამისა, მშობელი ხშირად მაინც აიძულებს დაძინებას. მსგავსი სახის ძალდატანება უარყოფითად აისახება როგორც შემდეგ ჯერზე ბავშვის დამჯერლობის ქცევაზე, ისე მშობელსა და შვილს შორის ფსიქო-სოციალურ კავშირებზე.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები