LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შემოდის რუტინა ურთიერთობაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

808
მაგდა-ფერაძე

როდის შემოდის რუტინა ურთიერთობაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაგდა ფერაძემ ისაუბრა. 

როგორ დგება წყვილი?

მასლოუს პირამიდის მესამე საფეხურს სოციალიზაცია წარმოადგენს. ადამიანის საბაზისო მოთხოვნილება, ურთიერთობა სხვა ადამიანთა ჯგუფთან ან ერთ კონკრეტულ ადამიანთან რაც წყვილურ ურთიერთობას გულისხმობს, ანუ როდესაც ორი ინდივიდი ხვდება ერთმანეთს საერთო ღირებულებათა სისტემით, ინტერესებით თუ შინაარსებით, როდესაც ჩვენ ვპოულობთ მეორე ადამიანში ჩვენს თავს, ჩვენს რომელიღაც ნაწილს, იმას, რაც შინაგანად გვეხმიანება. ჩვენ როგორც წესი გვიყვარდება მაშინ, როდესაც ჩვენთვის მშობლიურს აღმოვაჩენთ მეორე ადამიანში და უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს. იქ სადაც ჩნდება ლტოლვა, ფიზიკური მიზიდულობა და ეგრეთ წოდებული ქიმია. 

როგორ იწყება ურთიერთობა?

როგორც წესი ურთიერთობა შეგრძნებებით იწყება, ორგანიზმი ბუნებრივად გამოყოფს დოფამინის ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს სიამოვნებასა და სიხარულზე, რასაც სასიამოვნო ეიფორია ახლავს. ურთიერთობის დასაწყისში წყვილი ძირითადად ორიენტირებულია ერთმანეთისთვის საკუთარი თავის დადებითი მხარის მიწოდებაზე, ეიფორიის პერიოდის გადავლის შემდეგ კი დგება მოცემულობა, რაც ჩვენგან მეორე ნაწილის მიმღებლობას გულისხმობს. აქედან იწყება ინტერესთა კონფლიქტი. თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ასე სტატიკურად ყველაზე განზოგადებულად ვერ ვისაუბრებთ.

როდის შემოდის წყვილის ცხოვრებაში რუტინა?

როგორც წესი წყვილის ცხოვრებაში რუტინის შემოსვლას ბევრი მიზეზი აქვს: განცდა იმისა რომ ერთმანეთის შინაარსები ამოწურეს, რომ ერთმანეთისთვის გასაზიარებელი აღარაფერი დარჩათ, საერთო ინტერესების გაფერმკრთალება. ასევე, თუ წყვილიდან ერთი მეტად ვითარდება, მეორე კი განვითარების იგივე საფეხურზე რჩება. სიახლის ნაკლებობა ურთიერთობაში, საკუთარი სივრცის არქონა, კონფლუენცია – შერწყმა, ათქვეფა, მენტალური თუ ფიზიკური პრობლემები, ლტოლვის დაკარგვა, ადიქცია, ბავშვის დაბადება, ფინანსური კრიზისი, ეგზისტენციალური კრიზისი და ა.შ. ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად უფრთხილდება წყვილი ერთმანეთს, რამდენად იცავს საზღვრებს, როგორც საკუთარს, ასევე პარტნიორისას.

საჭიროა ყოველდღიური რუტინის გადახალისება სხვადასხვა გზებით. თერაპიაზე სიარული, ფიზიკური აქტივობა, ერთმანეთთან გულახდილი საუბარი და პრობლემის მოგვარების მცდელობა. იქნება ეს სიახლის შემოტანა ურთიერთობაში, ცვლილება სექსში, ერთად რამის კეთება თუ დროებით ერთმანეთისგან დასვენება. იმისათვის, რომ თავიდან იპოვონ ერთმანეთი.

1) ურთიერთობა ეფუძნება პატივისცემას, ყოველთვის დაიცავით საზღვრები ურთიერთობაში.

2) არასდროს აკეთოთ ის რაც არ გსიამოვნებთ, ეს ურთიერთობას დაანგრევს.

3) გქონდეთ რიტუალები, სადაც მარტო თქვენ ორნი იქნებით.

4) მიეცით სივრცე როგორც საკუთარ თავს, ასევე პარტნიორს.

5) ცხოვრების ყველა ეტაპზე შეეცადეთ განვითარდეთ. 

6) არ ეძებოთ ურთიერთობაში დამნაშავე.

7) ხშირად დაისვენეთ ერთად და ზოგჯერ ერთმანეთისგანაც.