LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომები ახასიათებს შფოთვას და როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს დახმარებისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

79

შფოთვა ერთ-ერთი უნივერსალური ემოციაა. ადამიანები მას ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდიან. ღელვა, ნერვიულობა, მოუსვენრობა – შფოთვის მდგომარეობიდან მომდინარეობს. თუმცა, სხვა ემოციებისგან განსხვავებით ბევრად უფრო კომპლექსურია და თითქმის ყოველთვის არაცნობიერი. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია  „ბორმენტალის“ ფსიქოლოგი, თამარ ლაფაჩი.

 

რა სიმპტომები ახასიათებს შფოთვას?

ფროიდი შფოთვას და შიშის ემოციას არ განასხვავებდა ერთმანეთისგან და ორივეს შინაგან კონფლიქტებს უკავშირებდა, რომლებიც გარეთ უკვე გამოიხატება როგორც რეაქცია საფრთხეზე. ანუ შფოთვაც და შიშიც, ორივე საფრთხეზე რეაგირებაა და ატყობინებს ადამიანს საშიშროების შესახებ. თუმცა პრინციპული განსხვავება მათ შორის არის ის, რომ შიშის განცდისას ვიცით რისი ან ვისი გვეშინია, ხოლო შფოთვა იგივე შიშია, რომლის დროსაც არ ვიცით იმის შესახებ, რომ რაღაც გვაშინებს. ამიტომაც მისი განცდა არაცნობიერია.

ასევე შფოთვას ახასიათებს დროში გაწელვა, ხშირად მეორდება ან უწყვეტად განიცდება. აქედან გამომდინარე, ის ზოგჯერ ხასიათში გადადის, ასეთი ფორმით გხვდებიან მუდმივად მშფოთვარე ადამიანები.

 

გარეგნულად როგორ უნდა შევატყოთ ადამიანს შფოთვა?

შფოთვას ახასიათებს შენიღბვა და გარკვეული მოქმედებებით, ქცევებით, სომატური სიმპტომებით გამოვლენა. მაგ: თმების წვალება, ხელში სხვადასხვა ნივთების ტრიალი, ხრაშუნა საკვების მიღება (კნატუნი), ხოლო სომატურ დონეზე სხვადასხვა ორგანოთა სისტემების პათოლოგიები – მაგ: ჰიპერტონია.

ეს არის ემოცია, რომელიც ყოველთვის რომელიმე სხვა ემოციას ამოფარებულია ან მათი დათრგუნვის შედეგად წარმოიქმნება. შიშის, ბრაზის, დანაშაულის გრძნობის და სხვ. ასევე, ემოციების დაბლოკვის შედეგად. მაგ: როდესაც ადამიანი არ აძლევს საკუთარ თავს გაბრაზებს უფლებას, საბოლოოდ არ ბრაზდება, თუმცა ხდება მშფოთვარე, ისე რომ ამას თავად ვერც კი ამჩნევს.

 

რამდენად საშიშია შფოთვითი აშლილობები?

უწყინარი ემოციის ხანგრძლივად და უწყვეტად განცდის შედეგად, შესაძლოა ადამიანი შფოთვით აშლილობამდეც კი მივიდეს, ან ჩამოუყალიბდეს რაიმე ფსიქოსომატური დაავადება. შფოთვითი აშლილობები მწვავე შფოთვის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ნორმალურად ცხოვრებაში ხელი ეშლება. ყველანაირი სახის ფობია – სოციალური ფობია, მარტივი სპეციფიკური თუ გენერალიზებული სახის, შფოთვითი აშლილობების სპექტრს წარმოადგენენ, რომელიც ძლიერი შიშის რეაქციით და შემაწუხებელი სომატური სიმპტომატიკით ხასიათდება – გულის აჩქარება, სუნთქვის გახშირება ან გაძნელება, კანკალი, ხშირად გონების დაკარგვაც. ფობიებით შეპყრობილი ადამიანის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად მცირდება. მას ყოველთვის უწევს გარემოებების კონტროლი, რაშიც ის მთელ თავის ენერგიას ხარჯავს და მუდმივი შფოთვის გამო ცხოვრებით ტკბობას ვეღარ ახერხებს.

რაც შეეხება ფსიქოსომატურ დაავადებებს, შფოთვა ყველაზე მეტად გულსისხლძარღვთა სისტემას, სუნთქვისა და ძვალ-სახსროვან სისტემებს უტყავს და ხშირად, თავის ტკივილი, მაღალი წნევა და ქოშინი სწორედ გაუცნობიერებელი შფოთვის მდგომარეობის შედეგია.

შფოთვითი აშლილობების დროს გადამწყვეტ როლს ფსიქოლოგიური დახმარება ასრულებს. ძალზედ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგთან დროული ვიზიტი. გამოსავალი საიმედოა, რადგან ეს პრობლემა ემოციურ დონეზე მიმდინარეობს და არა პირონულზე ( პიროვნებას არ ანგრევს) მისი თერაპია და სრული განკურნება შესაძლებელია.

 

7 რჩევა თამარ ლაფაჩისგან:

  1. საჭიროა დაფიქრება და გარკვევა იმისა, თუ რა გაშფოთებთ. როგორც კი მიზეზი ცნობიერდება შფოთვა ქრება
  2. ხშირად მიეცით საკუთარ თავს განტვირთვის საშუალება. განტვირთვა აუცილებელად უნდა მოხდეს სასიამოვნო გარემოში
  3. გაიჩინეთ ჰობი, დაკავდით საყვარელი საქმიანობით
  4. შფოთვისგან ათავისუფლებს გარემოს პერიოდული ცვლილებები
  5. დაუთმეთ დრო მოგზაურობას, მოინახულეთ ახალი ადგილები
  6. ეფექტურია მასაჟები, რომლებიც სხეულს ადუნებს და ამცირებს კუნთების დაძაბულობას
  7. თუ საკუთარ თავს შეამჩნიეთ შფოთვის ნიშნები, რომელსაც ვერ ერევით, მიაკითხეთ ფსიქოლოგს დახმარებისთვის
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები