LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში დაგეხმარებათ ასერტიული კომუნიკაციის სტილი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

92

ასერტიულობა ეს არის კომუნიკაციის სტილი. კერძოდ, გულისხმობს საკუთარი პიროვნული სურვილების ისე გამოხატვას, რომ ამავდროულად არ დაირღვეს სხვა ადამიანის უფლებები. ასერტიულობა პიროვნების ის კომპონენტია, რომლის გარეშეც შეუძლებელია სრულფასოვანი ურთიერთიერთობა ადამიანებთან, საკუთარი თავის გამოხატვა და დამკვიდრება. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ნუცა საღარაძე.

 

რა არის ასერტიულობა?

თქვენს ცხოვრებაში ალბათ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაიმე ვალდებულება მხოლოდ იმიტომ გიკისრიათ, რომ ვერ შეძელით „არას” თქმა, უარი ვერ უთხარით კოლეგას, არ აწყენინეთ, მოერიდეთ ურთიერთობის გაფუჭებას.  ზრდილობიანად, მაგრამ მკაფიოდ უარის თქმის უნარი მნიშვნელოვანი სოციალური ჩვევაა. ასერტულობა — ადამიანის უნარი, თამამად გამოხატოს საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე და სხვებთან დაამყაროს ეფექტიანი კომუნიკაცია.  ასერტიულობა აძლევს ადამიანს სხვებთან ღია კომუნიკაციის საშუალებას. ასერტული ქცევა აძლევს საშუალებას ადამიანს დაიცვას საკუთარი პოზიცია, მაშინაც კი, როდესაც სხვებს განსხავებული აზრი აქვთ.

 

რაში გვეხმარება ასერტიულობა?

ასერტიულობა  გვეხმარება გავიუმჯობესოთ ინტერპერსონალური ურთიერთობები. ასერტულ ადამიანს შეუძლია ისე თქვას „არა”, რომ დანაშაულის განცდა არ დაეუფლოს. ასეთ ადამიანს შესწევს უნარი, წარმართოს დიალოგი, მიიღოს კრიტიკა და დაიცვას საკუთარი პოზიცია. იგი პასუხისმგებელია საკუთარ ქცევაზე, პატივს სცემს საკუთარ თავსაც და სხვასაც, პოზიტიურია, აქვს მოსმენის, გაგების უნარი და ცდილობს, მიაღწიოს კომპრომისს. იგი დაუფარავად აცხადებს თავის მიზნებსა და განზრახვებს, ამავე დროს, პატივს სცემს სხვის უფლებებსა და ინტერესებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამგვარი ქცევა ძალზე გამოსადეგია. ახლობლებისთვის უარის თქმაც უნდა შეგეძლოთ, თუ დანაპირების დროზე შესრულებაში ეჭვი გეპარებათ. კორექტული უარი და მისი მიზეზის ახსნა თქვენი უფლებაა.

ასერტიულობა გვეხმარება კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებაში: 1. ასერტიულობა თვითგახსნის ფორმას წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში, იმის თქმა თუ რას ვგრძნობთ და ვფიქრობთ, ხელს უწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას. 2. ასერტიულობა უბრალოდ ამარტივებს ადამიანებთან კომუნიკაციას. საკუთარ საჭიროებებისა და მოთხოვნების პირდაპირ, მშვიდად და ნათლად გამოხატვა, გამოთქმული მოსაზრების სწორად გაგებასაც უწყობს ხელს.  3.ასერტიული ადამიანები სხვების საჭიროებებსა და უფლებებს პატივს სცემენ, ამიტომ, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები თანამშრომლობაზე უფროა მიმართული, ვიდრე შეჯიბრზე.

 

რას გულისხმობს ურთიერთობის პასიური და აგრესიული ურთიერთობის სტილი?

პასიური სტილი ორიენტირებულია თავიდან აიცილოს კონფლიქტი ნებისმერ ფასად. ასეთ დროს ადამიანი ცდილობს არ შესთავაზოს საკუთარი მოსაზრება სხვას და ელის მეორე პირისგან შეთავაზებას. არ გააკრიტიკოს და არ დააბრუნოს ნეგატიური უკუკავშირი. ურთიერთობის ამ ფორმის დროს სხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები. ასეთ დროს თავს არიდებენ თვალებით კონტაქტს. არის ბევრი ემოცია, რომელიც მხარს უჭერს პასიურ სტილს, მაგალითად, უარყოფის შიში. ადამიანები ამ დროს ჩვეულებრივ, სურვილს არაპირდაპირი გზით, არავერბალური მანიშნებლების დახმარებით გამოხატავენ, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ სურვილს სხვებს უქვემდებარებენ ან მათზე მთლიანად უარს ამბობენ.

ურთიერთობის აგრესიული სტილის დროს ადამიანი საკმაოდ კარგად გამოხატავს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს, მაგრამ, როგორც წესი, ამას სხვების უფლებებისა და გრძნობების ხარჯზე აკეთებს. მისთვის დამახასიათებელია სხვების დამცირება, დაცინვა. უყვარს შეტევაზე გადასვლა, თუ რაღაც ისე არ არის, როგორც მას სურს. მოვლენებს კი ისე აღწერს, რომ თვითონ ყოველთვის მართალი და სხვაზე უკეთესი გამოვიდეს.

 

 

7 რჩევა ნუცა საღარაძისგან:

1.იყავით ღია კრიტიკის და კომპლიმენტების მიმართ – როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან, თქვით მადლობა/ იყავით მადლიერი და მიიღეთ შექება.

2. პატივი ეცით/ დააფასეთ საკუთარი შეხედულებები და უფლებები – თქვენი გრძნობები, საჭიროებები, უფლებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვების. იყავით თვითდაჯერებული და გამოხატეთ თქვენი საჭიროებები.

3.ისწავლეთ თქვათ არა – როდესაც გთხოვენ ისეთ რამეს, რაც თქვენ არ შეგესაბამებათ ან არ შეგიძლიათ მისი გაკეთება თქვით ,,არა.’’ გამოხატეთ საკუთარი პოზიცია და ახსენით მიზეზი.

4.გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები/ შეხედულებები ნათლად და გამოიყენეთ სიტყვა ,,მე“ – ეცადეთ, რომ თქვენს მიერ გამოთქმული მოსაზრება იყოს მკაფიო და გასაგები. ასევე ისწავლეთ თქმა: ,,მე დავაგვიანე“, ,,მე დამავიწყდა“, ,,მე ვფიქრობ ასე უფრო მართებულია, არა?“

5.მიზნად დაისახეთ/ ივარჯიშეთ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ერთხელ მაინც გამოთქვათ თქვენი მოსაზრება/ შეხედულება – მნიშვნელოვანია იყოთ თვითდარწმუნებული და იცოდეთ საკუთარი შეხედულების კონსტურქციულად გამოხატვა.

6.ეცადეთ გამოვხატოთ გრძნობები/ემოციები – უთხრით ადამიანებს პირდაპირ თუ რას გრძნობთ მათ მიმართ, რა დამოკიდებულება გაქვთ.

7.ყოვეთვის ეცადეთ გააკონტროლოთ ჩვენი ქცევა/ ემოციები, გრძნობები – მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ადამიანების კონტროლი, თქვენ შეგვიძლიათ მხოლოდ საკუთარი ქცევების, ემოციების გაკონტროლება სხვების ქცევების/ მოქმედებების შეფასებისას.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები