LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ამბობს ბავშვი ტყუილს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

20

ფსიქოლოგები ამბობენ, რაც უფრო მეტია აკრძალვა, მით უფრო ხშირად  იტყუებიან ბავშვები. ხშირად მშობელი ბავშვისთვის მაგალითი ხდება და ბავშვმა შეიძლება სწორედ მშობლისგან ისწავლოს ტყუილი. რა უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვი ტყუილს არ მიეჩვიოს და რა გამოსავალს ხედავენ ფსიქოლოგები, ამ თემაზე სასაუბროდ რადიო “ფორტუნას” ფსიქოლოგი, ბაღის “ფელიქსი” პედაგოგი, გიორგი ფირცხალაიშვილი ესტუმრა.

რა ასაკიდან ეჩვევა ბავშვი ტყუილს?

ტყუილი არა მარტო ბავშვების, არამედ ზრდასრული ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ტყუილთან შეჩვევა ხდება მეტყველების განვითარების ასაკიდან, დაახლოებით 2-3 წლიდან. ტყუილი ჩნდება გარკვეული სოციოგარემოებების შედეგად და ამ პროცესში დიდი წვლილი აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც ბავშვი ხშირად ხედავს და ვისგანაც იღებს მაგალითს.  მშობელი ამ ასაკში წარმოადგენს ავტორიტეტს, ბავშვები მშობლებს ბაძავენ.

რა გამოსავალი უნდა მოძებნოს მშობელმა, როდესაც ბავშვი ხშირად ამბობს ტყუილს?

მნიშვნელოვანია მშობელი იყოს გულწრფელი შვილთან. მან საკუთარი მაგალითით უნდა აჩვენებდეს ბავშვს, რომ ტყუილის გარეშე შესაძლებელია პრობლემის მოგვარება, გარდა ამისა მშობელი უნდა დაპირდეს ბავშვს, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში არ დასჯის, ეს პირობა აუცილებლად უნდა შეასრულოს. ასევე დიდი როლი აქვს პედაგოგს, რომელსაც ბავშვთან ხშირი შეხება უწევს. ბავშვისთვის იმის თქმა, რომ ის “მატყუარა, ცრუპენტელაა”, უარყოფით შედეგს გამოიღებს, უბიძგებს მოირგოს ეს როლი და თქვას ტყუილი.

“თუ ბავშვმა სიმართლე გითხრათ, შეაქეთ, რომ გულწრფელი იყოს თქვენთან და არ თქვას ტყუილი. იმ შემთხვევაში თუ ტყუილს აქვს პათოლოგიური ფორმა, საჭიროა ფსიქოლოგის ჩართულობა”, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

7 რჩევა გიორგი ფირცხალაიშვილისგან:

  1. ისეთი ტყუილი როგორიცაა, წარმოსახვითი მეგობრის ყოლა, კომუნიკაცია რომელიმე სათამაშოსთან, რაღაც ამბების გამოგონება წარმოადგენს ბავშვის ფსიქიკური განვითარების ბუნებრივ თავისურებას. რაც ხელს უწყობს მათში შემოქმედებითი, სურათხატოვანი აზროვნებისა და ფანტაზიის უნარების განვითარებას. ამიტომ თავი უნდა შეიკავოთ ტყუილის ამგვარი ფორმების დახშობისგან და ისინი სწორი მიმართულებით წარმართოთ.
  2. სიმკაცრე ტყუილისგან გადაჩვევის არაეფექტური მეთოდია. ის ტყუილის ინტენსივობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელია და დასჯის შიშის გამო უბიძგებს ბავშვს უფრო ხშირად იცრუოს. ამ გზით ის ცდილობს თავი დააღწიოს სასჯელს. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევევბში თუ მათი აზრით დააშავეს ან ფიქრობენ, რომ მათი ქმედება მშობლებს არ მოეწონებათ.
  3. ხშირად ტყუილს აკრძალვებისგან, დატვირთვებისგან თავის არიდება განაპირობებს. შესაბამისად, არ უნდა დაააკისროთ ბავშვებს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა და დატვირთვა, რომლის ტარებაც თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე იმ ეტაპისთვის შეუძლიათ.
  4. მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ, ბავშვს მივმართოთ ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: მატყუარა, ცრუპენტელა და ა.შ. ამ იარლიყების მიწებებით ვითარების გამოსწორების ნაცვლად, პირიქით, ბავშვს პროვოცირებას უწევთ მოირგოს იარლიყი და იმოქმედოს მის შესაბამისად, ანუ გაამართლოს უფროსის მიერ დაკისრებული როლი.
  5. საპასუხოდაც რომ იგივე მიიღოთ, ბავშვთან ურთიერთობისას გულწრფელობა უმნიშვნელოვანესია. მას თუ  ეშინია სიმართლის თქმის, მაშინ ყოველთვის ახალი ტყუილების ძიებაში იქნება. მნიშვნელოვანია, დავპირდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გავუგებთ და არ დავსჯით. ეს პირობა აუცილებლად უნდა შევუსრულოთ.
  6. არც ერთი ბავშვი არ იბადება მზა სოციო-კულტურული ნორმებითა და სტანდარტებით. ის მათ გარემოსგან დაისწავლის. განსაკუთრებით, მშობლებისა და მიკროსოციუმში მისთვის ავტორიტეტული პირებისგან. ძალზე ეფექტურია ბავშვისთვის იმის დემონსტრირება, რომ ტყუილის გარეშეც შესაძლებელია წინაღობებისა და პრობლემების მოგვარება. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზაა სოციალური მოდელირებაა.
  7. სიმართლის თქმის დროს შექებით, შეიძლება როგორც ბავშვის ნდობის მოპოვება, ასევე სიმართლის თქმის მოტივაციის გაზრდა.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები